logo
ENG



დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას სამხედრო გემების შესაძენად 1.7 მილიარდი ფუნტი სტერლინგი გამოუყო

27 იან 202218:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/27/w9ckqc6uffsgrg6.jpg

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას სამხედრო გემების შესაძენად 1.7 მილიარდი ფუნტი სტერლინგი გამოუყო. თანხის გამოყოფა ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში მოხდა, რომლის რატიფიცირებაც უკრაინის უმაღლესმა რადამ დღეს მოახდინა. 

ხსენებულ თანხას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო განაგებს და სამხედრო საჭიროებებზე დახარჯავს, მათ შორის შეისყიდის ორ ნაღმსაწინააღმდეგო გემს. 

ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში მომსახურებას უკრაინას გაუწევენ ბრიტანელი სპეციალისტები, გემების და რაკეტების აშენება, ტექნიკური დახმარება და კონსულტირება ასევე იქნება უზრუნველყოფილი მათ მიერ.  

ცნობისთვის, უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა პოლიტიკური თანამშრომლობის, თავისუფალი ვაჭრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას [რის ფარგლებშიც მოხდა ახალი ჩარჩო შეთანხმების ხელმოწერა] ხელი 2020 წლის 8 ოქტომბერს მოაწერეს. ეს შეთანხმება თავის მხრივ 2.5 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. 

***

უკვე 2 თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან ასობით ათასი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს.

22 იანვარს აშშ-დან უკრაინაში სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა. შემოწირულობა მოიცავს დაახლოებით 200 000 ფუნტ ლეტალურ იარაღს, საბრძოლო მასალის ჩათვლით. დახმარების ღირებულება 200 მილიონი აშშ დოლარია. 

გარდა ამისა, უკრაინის დასახმარებლად ევროკავშირმა 1.2 მილიარდი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა. სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა უკრაინას გერმანიამ, კანადამ და ბალტიის პირეთის სხვა ქვეყნებმაც გამოუცხადეს, რაშიც მათ შორის სამხედრო ტექნიკის გადაცემაც შედის. 

რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებებს:

ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აშშ-მ რუსეთს წერილობითი პასუხი 26 იანვარს გადასცა. ე.წ. უსაფრთხოების გარანტიები, რომელზეც მოსკოვი აპელირებს, აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოების შეჩერებას გულისხმობს, რასაც დასავლეთი არ იზიარებს. 

რუსეთმა აშშ-სა და NATO პირობები წაუყენა, რომ ალიანსმა უარი თქვას ახალი წევრების მიღებაზე, პირველ რიგში ეს ეხება უკრაინას. ასევე, არ განათავსოს ჯარები ქვეყნებში, რომელიც 1997 წლის შემდეგ გახდნენ წევრები. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ტექსტის შინაარსის გასაჯაროებას არ აპირებენ და იმავეს მოელიან რუსეთისგან. 

ენტონი ბლინკენის თქმითვე, თავის პასუხში უკან არ დაუხევიათ NATO-ს პრინციპებთან დაკავშირებით, რომელიც ალიანსის ღია კარის პოლიტიკას ეხება. წერილში, ასევე, ჩამოთვლილია ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ-სა და მისი მოკავშირეების შეთავაზებები, მათ შორის საუბარია სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვაზე ახალი ხელშეკრულების შესახებ.

გარდა ამისა, NATO-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მზად არიან რუსეთს მოუსმინონ. ამავე დროს კი მოუწოდა მოსკოვს, რომ თავისი ჯარები გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან. 

 

 


close დახურვა