გენერალურ პროკურატურაში „მთავარი არხის“ გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" წამყვანი გიორგი გაბუნია იმყოფება. ის საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. ჟურნალისტის პროკურატურაში დაბარება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.
გაბუნიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია 20 ივლისს ნინო ნიჟარაძის განცხადების საფუძველზე.
„პროკურატურის, როგორც ხელისუფლების დავალებების შემსრულებლის, ძირითადი მიზანი არის გვარამიას დაკავება, ამის მეშვეობით „მთავარი არხის“ განეიტრალება და მაუწყებლობის შეფერხება, რაც აქამდე ვერ მოხერხდა და ვერც მომავალში მოხერხდება.
ეს არის გაგრძელება დაკითხვების სერიის, რუსთავი2“- ის ყოფილი ჟურნალისტების, რომლებიც ახლა უკვე მოღვაწეობენ „მთავარ არხზე“ და „ფორმულაზე“.
გამოძიებას ექნება ალბათ იმავე შინაარსის კითხვები, რა კითხვებიც ჰქონდათ ნოდარ მელაძესთან, გიორგი ლაფერაშვილთან და ზაალ უდუმაშვილთან.
შეიძლება გამოძიებას აინტერესებდეს, როგორ აკეთებდნენ ასეთ წარმატებულ პროდუქტს და რატომ იყო „რუსთავი2“ ასეთი წარმატებული, როცა ეს ადამიანები ამ არხზე მუშაობდნენ.
გაუთქმელობას რაც შეეხება, აქამდე მოწმის სახით ყველა პირი დაავალდებულეს, რომ არ გაემჟღავნებინა ინფორმაცია, რაც ცნობილი გახდა მათი გამოკითხვისას და სავარაუდოდ, ეს გიორგი გაბუნიასაც შეეხება,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
„პოსტ ფაქტუმის“ წამყვანი, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე არის დაბარებული.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ უკვე გამოკითხა ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორი ზურაბ გუმბარიძე, ამავე ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.