logo
ENG



დიპლომატიური ენა არასაკმარისია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნია თქვენი ჩართულობა - ვაშაძე მიშელს

29 ივლ 202118:53
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/29/vtlgjqvjbq83q0u.png

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილით მიმართავს და ქართული ოცნების დოკუმენტიდან გასვლასთან დაკავშირებით დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

ვაშაძის თქმით, იმისათვის, რომ ქართულმა ოცნებამ ვალდებულებები შეასრულოს, დიპლომატიური ენა საკმარისი არაა და მათ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მხოლოდ მკაფიო და მკვეთრი გზავნილები აიძულებს.  

წერილში ნათქვამია, რომ მიშელის განცხადებაში ენმ-ის მხრიდან დოკუმენტზე ხელის არმოწერის თაობაზე ყურადღების გამახვილება მიზანშეწონილი არაა. 

"ბათუმში, ჩვენი ბოლო შეხვედრისას განვაცხადეთ ქართული ოცნების მხრიდან შეთანხმების ცალკეული ნაწილის დარღვევის შესახებ, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა შეთანხმების სრულად შესრულებას. შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ დიპლომატიური ენა არ არის საკმარისი, ვაიძულოთ ქართული ოცნება შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რისი დასტურიც არის ცალმხრივად ამ შეთანხმებიდან გასვლა.

დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თქვენი აქტიური ჩართულობა, რათა თავიდან ავიცილოთ გარდაუვალი პოლიტიკური კრიზისი და პროცესების რადიკალურად განვითარება, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესში შედის. 

თქვენს განცხადებაში, შეთანხმებაზე ნაციონალურმა მოძრაობის მხრიდან ხელის არ მოწერის თაობაზე ყურადღების გამახვილება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ეს მოცემულობა ცხადი და თვალნათელი იყო ხელმოწერისთანავე. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ პასუხისმგებლობა გადანაწილებული იყო მხოლოდ პროცესში მონაწილე ხელისმომწერ მხარეებზე. მიგვაჩნია, რომ  ქართული ოცნება არის ძალა, რომელსაც მხოლოდ მკაფიო და მკვეთრი გზავნილები და აღსრულების მექანიზმები აიძულებს, შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. 

ვადასტურებთ მზაობას, თქვენთან ერთად მივიღოთ კონსულტაციებში მონაწილეობა. გთხოვთ დროული რეაგირებისა და ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებისკენ, რათა ვაიძულოთ ქართული ოცნება დაუბრუნდეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას"- წერს ვაშაძე წერილში. 

დღეს, 29 ივლისს, ქართული ოცნების 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამოეხმაურა.

მიშელმა აღნიშნა, რომ საკითხზე პოლიტიკურ მხარეებთან კონსულტაციებს იწყებს და მოუწოდებს მათ, პირველ რიგში დააყენოს მოქალაქეთა ინტერესები.  

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. 

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.


close დახურვა