მოძრაობა სირცხვილიას წარმომადგენელი, შოთა დიღმელაშვილი, Facebook-ის მხრიდან პოლიტიკური და საარჩევნო რეკლამების ავტორიზაციის საკითხს ეხმაურება.
როგორც დიღმელაშვილი აცხადებს, Facebook ანგარიშს უწევს სამოქალაქო საზოგადოების თხოვნას და ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„Facebook-მა ამ წერილს დადებითად უპასუხა. გასცა დაპირება, რომ უკვე აგვისტოდან საქართველოში პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკაში ჩაერთვებიან, რაც ფეისბუკზე უზრუნველყოფს პოლიტიკური ფულის გამჭვირვალობას და აღირიცხება პოლიტიკური რეკლამები.
ეს, რა თქმა უნდა, ყველა არაავთენტურ აქტივობას ვერ აღმოფხვრის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ ბოლოსდაბოლოს საქართველოც გახდა ამ სივრცის ნაწილი. მეორე მნიშვნელოვანი ამბავი არ ის, რომ ფეისბუკი ანგარიშს უწევს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნებს“,-აცხადებს შოთა დიღმელაშვილი.
2020 წლის აგვისტოდან სოციალური ქსელი Facebook საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამებისთვის ავტორიზაციას სავალდებულოს გახდის. ამის შესახებ ფეისბუქის საჯარო პოლიტიკის დირექტორმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიებს წერილობით მიმართა.
შეგახსენებთ, 29 ივნისს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ Facebook-ს ღია წერილით მიმართა. მედია და აქტივისტები, მათ შორის „ფორმულა“, Facebook-ის ადმინისტრაციას სთხოვდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოეყენებინა.