logo
ENG



დრიბნოი არ შემოშვებაზე: შესაძლოა, შეეშინდათ, რომ რუსეთზე, როგორც ტერორისტზე ვისაუბრებდი

18 სექ 202217:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/18/g7pdcz3blqo9ed5.jpg
Roman Dribnoi

უკრაინელი ტელეწამყვანი, რომან დრიბნოი, რომელიც გუშინ საქართველოში არ შემოუშვეს აცხადებს, რომ შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებას შეეშინდა, რომ რუსეთზე, როგორც ტერორისტ სახელმწიფოზე ისაუბრებდა.

დრიბნოის თქმით, საქართველოში საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობის გარდა მასთან რამდენიმე ინტერვიუც იყო დაგეგმილი და მისი აზრით, შესაძლოა ეს გახდა საქართველოში არ შემოშვების მიზეზი.

უკრაინის მოქალაქე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საპასპორტო კონტროლის რიგში პოლიციელმა მისი უკრაინული პასპორტი შენიშნა მას უთხრა, რომ სხვა კართან უნდა დალოდებოდა.

იქ კი სხვა პოლიციელებმა კითხვები დაუსვეს, მისი საბუთები არ შეამოწმეს მოგვიანებით კი მიზეზის დასახელების გარეშე უთხრეს, რომ საქართველოში არ უშვებდნენ. შემდეგ კი იმავე თვითმფრინავით უკან, პოლონეთის მიმართულებით გაუშვეს.

„როდესაც დავტოვე თვითმფრინავი და საპასპორტო კონტროლის რიგში ვიდექი პოლიციელმა დაინახა ჩემი უკრაინული პასპორტი და მითხრა, რომ მე არა საპასპორტო კონტროლთან არამედ გვერდითა კართან უნდა მივსულიყავი. იქ რამდენიმე პოლიციელი დამხვდა, მივეცი ჩემი პასპორტი, მითხრეს რომ დავლოდებოდი. დამისვეს ბევრი კითხვა: რატომ ჩამოვდიოდი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი თუ მქონდა. ბუნებრივია, ამ კითხვებს ვუპასუხე და ვუთხარი, რომ დოკუმენტებს ვაჩვენებდი. არ გამომართვეს დოკუმენტები კიდევ ერთხელ დახედეს ჩემს პასპორტს და რამდენიმე წუთში პოლიციელებმა მითხრეს, რომ საქართველოში არ მიშვებდნენ. ვკითხე, რატომ, თუმცა არ მიპასუხეს. ჩამსვეს იმავე თვითმფრინავში, რომლითაც პოლონეთიდან ჩამოვფრინდი.

ჩემი საქართველოში ჩამოსვლა საქველმოქმედო მიზნებს უკავშირდებოდა. გარდა ამისა, უნდა მქონოდა ინტერვიუ რამდენიმე ჟურნალისტთან. ჩემი არ შემოშვების  ერთ-ერთი მიზეზი, რაც თავში მომდის არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეეშინდა იმის, რომ ვილაპარაკებდი რუსეთზე, როგორც ტერორისტ სახელმწიფოზე“ - აცხადებს რომან დრიბნოი.

პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 18 სექტემბერს განაცხადა, რომ დედა სიდონიას მიერ ორგანიზებულ უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო ღონისძიებაზე მიწვეული უკრაინის მოქალაქე, ტელეწამყვანი რომან დრიბნოი საქართველოში არ შემოუშვეს.

ვაშაძის თქმით, დრიბნოი უკრაინიდან თბილისში სპეციალური მოწვევით ჩამოვიდა და ჰქონდა შესაბამისი საშვიც, თუმცა ის უკან, უკრაინაში უმიზეზოდ დააბრუნეს.

მისი ცნობით, რომან დრიბნოის 25 სექტემბერს წინანდალში უკრაინის დასახმარებლად ორგანიზებული საქველმოქმედო ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ეს ქართული ოცნების მხრიდან მორიგი ანტი-უკრაინული ქმედებაა, რაც საქართველოს ავტორიტეტს ლახავს უკრაინელი მეგობრების თვალში.


close დახურვა