logo
ENG



დროა: საქართველომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია და შეუერთდეს სანქციებს

23 თებ 202212:39
3 წუთის საკითხავი
 

პარტია დროაში აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საქართველომაც უნდა დააწესოს.

პარტიის წევრმა ბათუ ქუთელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, სანქციები გამოხატავს სოლიდარობას უკრაინისა და დემოკრატიული სამყაროს მიმართ, მეორე მხრივ კი, იქნება შესაძლებლობა საქართველოს საკითხები გახდეს იმ დღის წესრიგის ნაწილი, რაც საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით დგას.

"ვთვლით აუცილებლად, რომ ამ სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით, მიუერთდეს სანქციებს, სანქციების ყველა კომპონენტს - დაწყებული პიროვნული სანქციებით, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მათ აღიარებას, ასევე, ისინი ვინც სარგებლობენ ფინანსური ინსტიტუტებით და სისტემურად არიან ჩართული რუსულ საგარეო და აგრესიულ სამხედრო პოლიტიკაში", - ამბობს ბათუ ქუთელია.

21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 

რუსეთის პასუხად გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.  

თემთა პალატაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები წარადგინა. სანქციები დაუწესდება 5 რუსულ ბანკს - როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი. ასევე, სანქციები შეეხო პუტინთან დაახლოებულ სამ ოლიგარქს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს. 

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეათანხმა, რომელიც მათ შორის რუსეთის დუმის 351 დეპუტატსაც შეეხება. 

აღიარების გამო სანქციები ასევე შეეხება 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. სანქციები გავრცელდება ბანკებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც დონბასში რუსულ ოპერაციებს აფინანსებენ.

რუსეთს სანქციები დაუწესა აშშ-მაც. როგორც პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, ეს სანქციების პირველი ნაწილია და თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. 

სანქციები შეეხება ორ ფინანსურ ინსტიტუტზე - VEB და სამხედრო ბანკს. ასევე შავ სიაში მოხვდებიან რუსული ელიტის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები.

რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, სანქციები დააწესეს იაპონიამ და კანადამაც.


close დახურვა