logo
ENG



დღეიდან თანამდებობის პირების მხრიდან ქალზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა - PHR

04 მარ 202018:25
3 წუთის საკითხავი
 
03s6vtwbrxdrhhc.png

დღეიდან უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ქალზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა, - ამის შესახებ ინფორმაციას  ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს.

PHR-ის განცხადებით, ეს არის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რაც ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, ინფორმაციის საჯაროობის გზით, ამკვიდრებს პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ უმაღლესი საზოგადოებრივი კონტროლის სტანდარტს.

აღნიშნული სტრატეგიული საქმის საფუძველზე, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება გაიგოს პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან თუ არა ოჯახში მოძალადეები ან როდესმე გამოცემულა თუ არა მათ მიმართ ქალზე ძალადობის გამო შემაკავებელი ან/და დამცავი ორდერი.

„2016 წლის 4 თებერვალს ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემა, კერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთა მიმართ, რომლებსაც წარმოადგენენ: “საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრი; აფხაზეთის და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები; მოქმედი კონკრეტული წარმომადგენლების მიმართ “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებიდან (2006 წ) განსახილველ პერიოდამდე, გაცემულა თუ არა ძალადობის საფუძველზე დამცავი და შემაკავებელი ორდერი. შსს-მ ორგანიზაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. უარის საფუძველზე PHR-მა სასამართლოს მიმართა,  სადაც ამტკიცებდა რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ორდერების შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა რაც გასაჩივრდა შსს-ს მიერ. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ხოლო განმეორებით გასაჩივრების შედეგად უზენაესმა სასამართლომ, დასაშვებადაც კი არ ცნო შსს-ს საჩივარი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის” გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის და პარლამენტის ყველა წევრზე, საქართველოს პრეზიდენტზე, მათ მიმართ 2006 წლიდან დღემდე, გაცემულია თუ არა შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.

„მიღებულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საზოგადოებას. გამომდინარე იქიდან რომ 2020 საარჩევნო წელია, როგორც კი ცნობილი გახდება პოლიტიკურ პარტიათა საარჩევნო სიები, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატების თუ პარტიული მაჟორიტარული კანდიდატების ვინაობა, ორგანიზაცია დეპუტატობის კანდიდატების შესახებაც გამოითხოვს იგივე ინფორმაციის. გვჯერა რომ როგორც მოქმედი თანამდებობის პირების ისე კანდიდატების შესახებ ამგვარი ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

 


close დახურვა