ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი, მალხაზ სონღულაშვილი ამბობს, რომ 21 დეკემბერს რელიგიური კონფესიების წარმომადგენლების შეკრებაზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მათგან არავინ მიუწვევია.
იგი ფორმულასთან საუბარში აღნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, ადგილი აქვს სელექციურ მიდგომას, რითაც "შერიგების პროგრამა არ იმუშავებს".
"არამხოლოდ ჩემთან, არამედ, არცერთ ჩვენს ეპისკოპოსთან, არავისთან კომუნიკაცია არ ყოფილა, არც ჩვენს ოფისში მოსულა მოსაწვევი, არც ტელეფონით ყოფილა კომუნიკაცია. არ ვიცი, ვინ მიიწვიეს და ვინ არა.
სავარაუდოდ, სელექციურ მიდგომასთან შეიძლება, გვქონდეს საქმე, ვიღაცას ეძახიან, ვიღაცას - არა. თუ ასეა და რაკი, ასე ჩანს, თავიდანვე ეტყობა, რომ შერიგების პროგრამა ასე არ იმუშავებს. თუ შერიგებაზეა ლაპარაკი, ეს გულისხმობს ყველას. თუ ვიღაცას არჩევ, ეს უკვე გასცემს იმ თავისებურებას, რომ ეს პროცესი მთლად სერიოზული არაა, სამწუხაროდ", - განაცხადა მალხაზ სონღულაშვილმა და დაამატა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, აქამდე, არასდროს, არცერთ შეხვედრაზე არ მიუპატიჟებია მათი წარმომადგენელი.
ფორმულა ამ თემაზე კომენტარისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა და მათი პასუხი მიღებისთანავე აისახება სტატიაში.
გუშინ, 21 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ადმინისტრაციის გავრცელებულ რელიზში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი რელიგიურ ლიდერებს ეროვნული თანხმობის შესახებ საკუთარ ინიციატივასთან დაკავშირებით ესაუბრა.
"როდესაც ამბობენ, რომ შერიგება ძალიან რთულია, ამაში ვეთანხმები, რომ შერიგება არ არის დღეს - ხვალ რაღაც ზეპროცესი ამას უნდა დიდი მუშაობა, დიდი მოთმინება ყველასგან და პირველ რიგში, ალბათ ჩემგან.
ამ პროცესში მე თქვენი იმედიც მაქვს, რამეთუ თქვენ ასახავთ სწორედ იმას, რომ ეს ქვეყანა იყო და იმედი მაქვს, მომავალშიც იქნება შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის ქვეყანა, სადაც მრავალი კონფესიები, რელიგიური თუ არარელიგიური შეხედულებები ერთად არსებობდა და ეს თანაარსებობა იყო ამ ქვეყნის საუკუნოვანი ტრადიცია", - უთხრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიწვეულ სტუმრებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.
ამის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პარტიებს "ეროვნული თანხმობის" მიღწევის მისი ხედვა გააცნო.