საქართველოს ევანგელურ ალიანსში შემავალი ევანგელური ეკლესიები მოუწოდებს პარლამენტს, შეწყვიტოს რუსული კანონპროექტის განხილვა და არ დაუშვას მისი კანონად ქცევა.
მათი თქმით, კანონპროექტი "ტოტალური კონტროლის სფეროში გვაბრუნებს".
"მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი, თუ ის კანონად იქცევა, მკვეთრად ნეგატიურ გავლენას იქონიებს ჩვენს ქვეყანაზე.
კანონპროექტის მიხედვით, თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მთლიანი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებული იურიდიული პირი არ არის, ორგანიზაციას ევალება, დარეგისტრირდეს როგორც „უცხოური გავლენის აგენტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება 25 000 ლარით. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფოსთვის ხელმისაწვდომი ხდება თანამშრომლების-ბენეფიციარების პერსონალური მონაცემები.
საქართველოს ევანგელური ალიანსი აფიქსირებს მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას აღნიშნული კანონპროექტისადმი. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევა იმთავითვე გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ რამდენიმე უფლების ერთდროულად დარღვევას, კერძოდ, გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების, რელიგიის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შელახვას. კანონი დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ბენეფიციარებს და მთლიანად საზოგადოებას.
ჩვენი ქვეყანა იბრძვის საერთაშორისო თანამეგობრობაში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ურყევი ნებაა თავისუფალი, ტოლერანტული საზოგადოების განვითარება. აღნიშნული კანონპროექტი კი წინააღმდეგობაში მოდის ამ ხედვასთან და გვაბრუნებს ტოტალური კონტროლის სფეროში.
გამომდინარე ყოველივე ზემოთ თქმულიდან მივმართავთ საქართველოს პარლამენტს: შეწყდეს „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა და არ დაუშვათ, აღნიშნული კანონპროექტს კანონად ქცევა.
ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, საქართველო!" - ნათქვამია განცხადებაში.
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.
მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში, რომელიც პუტინის ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება. რუსეთის მაგალითის გადმოღება და "უცხოური აგენტების" "გამოვლენა" სცადა უნგრეთმაც. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კანონი ევროპულ პრინციპებთან შეუთავსებელია და საბოლოოდ უნგრეთმა კანონი გააუქმა.
ქართულ ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.
რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.