logo
ENG



ევგენიძის თანახმად, მისი ნათქვამი სამთავრობო მედიებმა არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელეს

29 აპრ 202416:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/29/jtkwhdsw6mp1zfg.jpg

მუსიკოს დავით ევგენიძის თანახმად, სამთავრობო მედიებმა მისი განცახდება არაწორი ინტერპრეტაციით გაავრცელეს. ამის შესახებ მან ნეტგაზეთთან ისაუბრა.

უკვე ორი დღეა სამთავრობო მედიები, მათ შორის იმედი, ავრცელებენ ევგენიძის განცხადებას კონტექსტის გარეშე: "მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერავინ გახდება ჩვენი ბატონი, ვართ ჩვენი მრწამსის, რელიგიის მატარებლები, მადლობა, რომ ქართველი ვარ". მუსიკოსი ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ ეს ფრაზა საბავშვო მუსიკალურ პროექტ რანინას ერთ-ერთი მონაწილის შეფასებისას თქვა, რომელმაც კონკურსში ჩაკრულო შეასრულა. გადაცემა ეთერში 27 აპრილს გავიდა და ჩაიწერა თვენახევრის წინ, მაშინ, როცა რუსული კანონი დღის წესრიგში არ ყოფილა.

ევგენიზე ნეტგაზეთთან ამბობს:

"ჩაკრულოში არის ასეთი ტექსტი: "მუხრან ბატონის ყმობითა, ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა" და "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა, თავს დავანგრიოთ ბანია". სიმღერასთან დაკავშირებით ვთქვი, რომ საქართველოს არ ეყოლება ბატონი-მეთქი. კონკრეტულ სიმღერასთან დაკავშირებული კომენტარია. ეს გამოიყენეს … ცოტა სასაცილო არის უკვე, რაც ხდება. აბსურდია. კონტექსტს მოუსმინონ, სიმღერას მიუსმინონ და მიხვდებიან ყველაფერს. სიმღერაშია, ჩაკრულოშია… ქართული თუ არ იციან, ეგ მაგათი პრობლემაა", - თქვა მან.

რაც შეეხება რუსულ კანონს, ევგენიძე ამბობს, რომ "ყველაფერი რუსულის წინააღმდეგია". მან ისაუბრა ევროინტეგრაციაზეც.

"მე ვერ ვაძლევ ვერანაირ კომენტარს, როცა არ ვიცი კანონი. ზედაპირულად მე კომენტარებს ვერ ვაკეთებ. მე ვინმემ უნდა გამარკვიოს, მითხრას, რა კანონია. თუ რუსულია, მაშინ წინააღმდეგი ვიქნები. ყველაფერ რუსულის წინააღმდეგი ვარ. ოკუპირებული აქვთ ჩვენი სამოთხე – აფხაზეთი და სამაჩაბლო. […]

ევროინტეგრაცია არის მნიშვნელოვანი. ახლა კი არა, საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე, ჩვენ ყოველთვის მივილტვოდით ევროპისკენ. სულხან-საბასგან დაწყებული და ერეკლე II-სგან ჩავვარდით რუსების ხელში, სამწუხაროდ. რა ვთქვა მეტი. მე თვითონ შვილი მყავს პარიზში. აქ რომ საბჭოთა კავშირი იყო, მაშინ ვცხოვრობდი ევროპაში და ოთხი წელი კანარის კუნძულებზე, საფრანგეთში და ნიუ-იორკში 1988 წელს. მე ნუ მასწავლიან, რა არის დასავლეთში. რუსეთიდან ვაგინე და ისე წამოვედი, გადარჩენილი ვარ, რომ არ მომკლეს. არ შეიძლება ბულინგის ენით საუბარი ყველას მიმართ", - ამბობს ევგენიძე ნეტგაზეთთან.

იმედზე ამ დრომდე იძებნება ევგენიძის ფრაზა, მასალაში კი არ არის დაკონკრეტული, რასთან დაკავშირებით თქვა მან ეს.


close დახურვა