logo
ENG



ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე EU-ს დახმარებაზე: მე არ ვარ ფინანსისტი

03 სექ 202114:34
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი EU-ს დახმარებაზე პრეზიდენტის კრიტიკის საპასუხოდ ამბობს, რომ მის აზრს პატივს სცემს. 

"მას აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი შეფასებები და მე პატივს ვცემ მის ამ შეფასებას", - თქვა ბოჭორიშვილმა. ფორმულას დამატებით შეკითხვაზე ეთანხმებოდა თუ არა მას, რომ არ უნდა ეთქვა საქართველოს უარი ფინანსურ დახმარებაზე, დეპუტატი ასე პასუხობს: "მე არ ვარ ფინანსისტი და ვერ გეტყვით. ვამბობ, რომ ვენდობი მთავრობის იმ ნაწილის გადაწყვეტილებას, რომლებიც ბიუჯეტთან და ფინანსებთან დაკავშირებით მუშაობენ". 

მმართველი გუნდი ევროკავშირის დახმარებაზე უარს ამბობს, ევროკავშირი კი აცხადებს, რომ საქართველომ ვერ შეძლო, მიკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა.

ამაზე სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ქართული ოცნების გადაწყვეტილება, უარი ეთქვა ევროკავშირის ფულად დახმარებაზე. ამასთან სალომე ზურაბიშვილს არ უხსენებია ევროკავშირის ფინანსური დახმარების პირობა, მართლმსაჯულების რეფორმის შესრულებაზე. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა. კერძოდ, საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.

 


close დახურვა