ევროკავშირმა დღეს საბოლოოდ ოფიციალურად განაცხადა, რომ სანქციების მეხუთე პაკეტი მიიღეს და ჩამონათვალი გამოაქვეყნეს.
სანქცირებულთა სიას დაემატა 217 ფიზიკური პირი და 18 კომპანია. ეს მოიცავს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. "მთავრობებისა" და "პარლამენტების" წევრებს.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული სანქციების პაკეტი მოიცავს:
1) ქვანახშირის აკრძალვა
ეს გულისხმობს ყველა ფორმის რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას, რაც გავლენას მოახდენს მთელი რუსული ქვანახშირის ექსპორტის მეოთხედზე. ეს შეადგენს, დაახლოებით 8 მილიარდი ევროს შემოსავლის დაკარგვას ყოველწლიურად რუსეთისთვის.
2) ფინანსური ზომები
ტრანზაქციის სრული აკრძალვა და აქტივების გაყინვა ოთხი რუსული ბანკისთვის. ევროკომისიის განცხადებით, ისინი რუსეთის საბანკო სექტორში ბაზრის წილის 23%-ს წარმოადგენენ და, შესაბამისად ეს ზომა კიდევ უფრო დაასუსტებს რუსეთის ფინანსურ სისტემას.
ასევე, სანქციები მოიცავს რუსეთისთვის მაღალი ღირებულების კრიპტოაქტივების სერვისების მიწოდების აკრძალვას.
3) ტრანსპორტი
სრულად აიკრძალება ევროკავშირში მომუშავე რუსული და ბელორუსული სატვირთო გზების ოპერატორები. გარკვეული გამონაკლისები მოიცავს ძირითად პროდუქტებს, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქტები, ჰუმანიტარული დახმარება და, ასევე ენერგეტიკა.
ევროკავშირის პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მყოფი გემების შესვლა აკრძალულია. შეღავათები ვრცელდება სამედიცინო, საკვებზე, ენერგეტიკულ და ჰუმანიტარულ მიზნებზე.
4) მიზნობრივი ექსპორტის აკრძალვები
10 მილიარდი ევროს ოდენობის მიზნობრივი ექსპორტის აკრძალვები ისეთ სფეროებს მოიცავს, სადაც რუსეთი მეტწილად დამოკიდებულია ევროკავშირის მიწოდებებზე.
იგი მოიცავს ნავთობის გადამამუშავებელ ინდუსტრიაში გამოსაყენებელ სპეციალურ კატალიზატორებს. ამ ზომების მიზანია, რუსეთის ტექნოლოგიური ბაზისა და სამრეწველო შესაძლებლობების დეგრადაცია.
ექსპორტის არსებულ აკრძალვას ემატება თვითმფრინავის საწვავისა და საწვავის დანამატები, რომლებიც შესაძლოა გამოიყენოს რუსეთის არმიამ.
5) იმპორტის აკრძალვების გაფართოება
იმპორტის დამატებითი აკრძალვები [5,5 მილიარდი ევროს ღირებულების] მოიცავს ცემენტის, რეზინის, ხის პროდუქტებს, ალკოჰოლურ სასმელებს (არაყის ჩათვლით), ზღვის პროდუქტებს (მათ შორის ხიზილალას).
6) რუსეთის გარიცხვა სახელმწიფო ხელშეკრულებებიდან და ევროპული ფულიდან
ეს მოიცავს ევროკავშირში შესყიდვების ხელშეკრულებებში რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების მონაწილეობის სრულ აკრძალვას. შეზღუდული გამონაკლისები შეიძლება დაუშვას კომპეტენტურმა ორგანოებმა, როდესაც არ არსებობს სხვა ალტერნატივა.
ასევე, სანქციები მოიცავს ევროკავშირის, ევრატომისა და წევრი სახელმწიფოების პროგრამების ფარგლებში რუსული კომპანიების ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერის შეზღუდვას.