ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლას მიესალმება.
განცხადებაში წარმომადგენლობა არჩეულ დეპუტატებს მოუწოდებს, შეთანხმებას შეუერთდნენ და წვლილი შეიტანონ მის განხორციელებაში.
"გულთბილად მივესალმებით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებს. დღეს, დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები, საქართველოს მოქალაქეების სახელით, საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთნენ. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ერთად აირჩია პარლამენტის ახალი თავმჯდომარე და ამზადებენ კანონპროექტს პოლიტიკური მართლმსაჯულების აღქმის მოსაგვარებლად. საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება შეთანხმების ხელშესაწყობად.
ეს იყო რთული გადაწყვეტილება, რაც მოითხოვდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ სიმამაცეს. შეთანხმებული ვადების შესაბამისად, ველოდებით მომდევნო ნაბიჯებს შეთანხმების შემდგომი განხორციელებისთვის, რათა საქართველოს დემოკრატია და კანონის უზენაესობის დღის წესრიგი განვითარდეს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, შეუერთდნენ შეთანხმებას და წვლილი შეიტანონ მის განხორციელებაში საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოსა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში დღეს, 27 აპრილს შევიდა. რაც შეეხება 20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის კანონპროექტს, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის რამდენიმესაათიანი შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ამნისტიაზე ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება - მმართველი გუნდისა და ოპოზიციის.