logo
ENG



ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლის გამო რამდენიმე რუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

15 ოქტ 202014:49
3 წუთის საკითხავი
clock 650
ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლის გამო რამდენიმე რუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, მოწამვლის გამო რამდენიმე რუს მაღალჩინოსანს და ერთ კვლევით ორგანიზაციას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

საუბარია 5 მაღალჩინოსანზე. ესენი არიან: უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი, ალექსანდრ ბორტნიკოვი; რუსეთის პრეზიდენტის შიდა პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრეი იარინი; პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო; თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ალექსეი კრივორუჩკო და პაველ პოპოვი და პრეზიდენტის წარმომადგენელი ციმბირის ოლქში, სერგეი მენიალო. ასევე სასანქციო სიაში მოხვდა: ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო კვლევითი ორგანიზაცია.

ევროკავშირის გადაწყვეტილება დღეიდან ამოქმედდა. გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსის მოწამვლა შესაძლებელი იქნებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანხმობითა და რუსი მაღალჩინოსნების დახმარებით. 

რაც შეეხება უშუალოდ სანქციებს, მათი ამოქმედების შემდეგ სიაში შეყვანილ პირებს ეზღუდებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება. სანქციების საფუძველზე გაიყინება ხსენებული პირების აქტივებიც.

მოსკოვი ამ დრომდე უარყოფს ნავალნის მოწამვლის საქმეში თანამონაწილეობას. თავად ნავალნიმ კი, 26-დღიანი კომატოზური მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ, მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი მოწამვლა პირადად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით განხორციელდა. 

ნავალნი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. ომსკის ჰოსპიტალიდან ბერლინში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა მის ორგანიზმში აკრძალული ნერვული აგენტი - "ნოვიჩოკი" აღმოაჩინეს. ომსკის ექიმების დასკვნების საწინააღმდეგოდ, გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ნავალნი მოწამლული იყო. 

გერმანული მხარის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლებამ ნავალნის მოწამვლის ფაქტზე ფიქტიური გამოძიებაც კი არ ჩაატარა. 

ნავალნი კომიდან 15 სექტემბერს გამოვიდა და მას შემდეგ თავს კარგად გრძნობს. 


close დახურვა