logo
ENG



ევროკომისია: რუსეთისა და ბელარუსისთვის გამოყოფილი €135 მლნ მოლდოვასა და უკრაინას გადაეცემათ

16 აგვ 202316:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/16/g7f37ews67w9v2r.jpg

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, რუსეთსა და ბელარუსთან თანამშრომლობისთვის განკუთვნილი 135 მილიონი ევრო მათ ნაცვლად, უკრაინასა და მოლდოვას გადაეცემა.

ერთიანობისა და რეფორმების საკითხებში კომისრის, ელისა ფერეირას განცხადებით, ეს ნაბიჯი უკრაინაში რუსეთის სასტიკი ქმედებების შედეგია, ხოლო ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ევროკავშირის თანამშრომლობას უკრაინასა და მოლდოვასთან.

"რუსეთთან და ბელარუსთან ჩვენი პროგრამებით თავდაპირველად გათვალისწინებული თანამშრომლობის გაუქმება კრემლის სასტიკი ომის შედეგი იყო. მოხარული ვარ, რომ იმ თანხებით, რომლებიც თავდაპირველად ამ თანამშრომლობისთვის გვქონდა გამოყოფილი, ახლა უკრაინა და მოლდოვა ისარგებლებენ. ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის რეგიონებსა და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას უკრაინელ და მოლდოველ პარტნიორებთან“. - განაცხადა ელისა ფერეირამ.

კერძოდ, ეს დაფინანსება ხელს შეუწყობს მთელ რიგ აქტივობებს, მათ შორის სოლიდარობის ხაზებს და ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო კავშირების განვითარებას, ჯანდაცვის სერვისებს, საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებს, სოციალური ინკლუზიის სქემებს, ასევე უკრაინის და მოლდოვას საჯარო ხელისუფლების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას.

ევროკომისიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეწჭრის შემდეგ კომისიამ 22 მარტს რუსეთთან და მის მოკავშირე ბელარუსთან Interreg პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა შეაჩერა, ხოლო მათთვის განკუთვნილი €26 მილიონი გადაუნაწილა უკრაინასა და მოლდოვას. ამ გადაწყვეტილებით 2021-2027 წლებში დარჩენილი დაფინანსება იგივე წესით გადანაწილდება.


close დახურვა