logo
ENG



ევროკომისიამ პალესტინელებისთვის განკუთვნილი დახმარების პროგრამები შეაჩერა

09 ოქტ 202318:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/09/htqeixr260bg3pe.jpg

ევროკომისიამ პალესტინელებისთვის განკუთვნილი დახმარების პროგრამები შეაჩერა. ამის შესახებ ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი აცხადებს.

"ტერორისტული დაჯგუფების, ჰამასის ისრაელზე თავდასხმის გამო, ევროკომისიამ გადაწყვიტა პალესტინელებისთვის განკუთვნილი დახმარების პროგრამები შეაჩეროს", - აცხადებს ევროკომისარი.

როგორც ვარჰეი აღნიშნავს, ერთ-ერთი დახმარების პაკეტი 691 მილიონი ევროს ღირებულების დახმარებას მოიცავდა.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 800-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულია სულ მცირე 2506 ადამიანი.


close დახურვა