logo
ENG



ევროკომისიამ რუსეთთან EU-ს გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეწყვეტის ინიციატივა წარადგინა

07 სექ 202211:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/07/8cgdw4h2r5a935t.jpg

ევროკომისიამ რუსეთთან ევროკავშირის გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეწყვეტის ინიციატივა წარადგინა.

კომისიის თქმით, ქვეყანა რომელიც აგრესიულ ომს აწარმოებს არ უნდა სარგებლობდეს გამარტივებული ვიზის პირობებით, მანამ, სანამ დესტრუქციული საგარეო პოლიტიკა აქვს და უკრაინისადმი სამხედრო აგრესიას მიმართავს, რითაც უგულებელყოფს საერთაშორისო, წესებზე დამყარებულ წესრიგს.

ევროპული საბჭოს მხრიდან ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში გრძელი და რთული სავიზო აპლიკაციის გარეშე შესვლის პრივილეგია აღარ ექნებათ. წევრი სახელმწიფოები რუსეთის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანად დარჩენისთვის საჭირო ტურისტულ სავიზო აპლიკაციებს გართულებული პროცედურით გასცემენ.

ევროკომისია ასევე აცხადებს, რომ მათი ინიციატივა ზოგიერთი კატეგორიის სამოგზაურო ვიზების გაცემაზე შეზღუდვებს არ დააწესებს. ეს ეხება გადაუდებელი მიზეზებით მოგზაურობას, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრების, ჟურნალისტების, პოლიტიკურად დევნილებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შენგენის ზონაში გადაადგილებას.

რუსეთის მოქალაქეებისთვის გამარტივებული ვიზის შეთანხმების გაუქმებით რუსეთის მოქალაქეებს შენგენის ზონაში მოკლევადიან ტურისტულ ვიზებზე განაცხადის გაკეთება აღარ შეეძლებათ. მათთვის ვიზები ზოგადი ვიზის კოდექსის მიხედვით გაიცემა, რაც შედეგად რუსი აპლიკანტებისთვის გულისხმობს:

  • ვიზის გაზრდილ საფასურს - გადასახადი 35-დან 80 ევრომდე გაიზრდება ყველა აპლიკანტისთვის.
  • დოკუმენტების დამუშავების გაზრდილი დრო - კონსულის მიერ გადაწყვეტილების მიღების დრო 10-დან 15 დღემდე გაიზრდება. ცალკეულ შემთხვევებში, როცა აპლიკაციის მეტი სიფრთხილით განხილვა იქნება საჭირო, შესაძლოა ეს პერიოდი მაქსიმუმ 45 დღემდე გაიზარდოს.
  • რამდენიმე შესვლის ვიზაზე შეზღუდვებს - აპლიკანტებს აღარ ექნებათ მარტივი წვდომა იმ ვიზაზე, რაც მათ შენგენის ზონაში რამდენჯერმე შესვლის უფლებას აძლევს.
  • საჭირო დოკუმენტების გრძელ სიას - აპლიკანტებს ვიზაზე განაცხადის შეტანისას, მოუწევთ სხვადასხვა სახის დოკუმენტების წარდგენა. ისინი ვეღარ ისარგებლებენ გამარტივებული ვიზის შეთანხმებით გათვალისწინებული შემცირებული დოკუმენტების პრივილეგიით.

გამარტივებული ვიზის შეთანხმების გაუქმებაზე გადაწყვეტილება ევროსაბჭომ უნდა მიიღოს. თუ საბჭო შეთანხმებას გააუქმებს, ის ძალაში გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დღეს შევა. რუსეთი კი შეთანხმების შეჩერებაზე ინფორმაციას მის ძალაში შესვლამდე არაუგვიანეს 48 საათში გაიგებს.

ევროკავშირსა და რუსეთს შორის გამარტივებული ვიზის შეთანხმება ძალაში 2007 წლის ივნისში შევიდა. ამ შეთანხმების მიხედვით, რუსეთისა და ევროკავშირის მოქალაქეებს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში შეუძლიათ შენგენის ზონაში ერთბაშად მაქსიმუმ 90 დღე გაატარონ.

2022 წლის პირველი სექტემბრის მონაცემებით, შენგენის ზონაზე წვდომის ამგვარ მოქმედ ვიზას ამჟამად 963 000 რუსეთის მოქალაქე ფლობს.

ევროკავშირმა გამარტივებული ვიზის შეთანხმება რუსეთის ოფიციალური პირებისა და ბიზნესმენებისთვის 2022 წლის 25 თებერვალს ნაწილობრივ შეწყვიტა. ევროკომისიის ახალი ინიციატივა შეთანხმების სრულად გაუქმებას და შესაბამისად, გამარტივებულ ვიზაზე წვდომის რუსეთის ყველა მოქალაქისთვის გაუქმებას ითვალისწინებს.

ევროკავშირთან გამარტივებული ვიზის შეთანხმება მხოლოდ მცირე რაოდენობის ქვეყნებს აქვთ. ეს შეთანხმებები დამყარებულია ურთიერთნდობასა და საერთო ღირებულებების პატივისცემაზე. კომისია აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა არ შეესაბამება სანდო ურთიერთობებს და ეწინააღმდეგება გამარტივებული ვიზის აპლიკაციის პარტნიორობის პირობებს.


close დახურვა