16 ევროპარლამენტარი რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ღრმად შეშფოთებულები არიან. მათი თქმით, ის შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებსა და საქართველოს პროევროპულ გზას საფრთხეს უქმნის.
"საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დემოკრატიულ რეფორმებში და ქვეყნის ევროკავშირის წევრობის განაცხადის მომზადებაში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ თავი შეიკავონ სამოქალაქო საზოგადოების როლის დისკრედიტაციისა და შეზღუდვის შემდგომი მცდელობებისგან და ამის ნაცვლად, ხელი შეუწყონ კანდიდატის სტატუსის მისაღებად თანამშრომლობის გარემოს შექმნას - მიზანი, რომელსაც ჩვენ ძლიერ ვუჭერთ მხარს და ვართ ერთგულები, დაგეხმაროთ მის მიღწევაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.
განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.
აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი.
პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".
ამ დროის მონაცემებით, ჯამში 76 მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ადვოკატის ცნობით, ჯაფარიძე ნაცემია და ხელკეტების რტყმისგან დაზიანებები აქვს თავზე.