logo
ENG



ევროპარლამენტარი რასა იუნკევიჩიანე: საქართველომ ევროპის გაწვდილი ხელი არ მიიღო

20 მარ 202114:18
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის ბლოკის წევრი ლიეტუვიდან, რასა იუნკევიჩიანე ამბობს, რომ საქართველომ ევროპის გაწვდილი ხელი არ მიიღო. 

იუნკევიჩიანესი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ ჰქონდა მოლოდინი, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული პოლიტიკური ელიტა ამ შანსს გამოიყენებდა. ევროპარლამენტარის თქმით, მოლაპარაკების შედეგებით იმედგაცურებულია

"როცა ძალიან მაღალი დონის ევროპელი ლიდერების ჩართულობით, ამგვარი მოლაპარაკებები დაიწყო. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მედიაციის პროცესი ევროპის მხრიდან, რაც იმას ნიშნავს, პირველ რიგში, რომ საქართველო მარტო არ არის.

ის ბევრს ნიშნავს ევროპისთვის, ევროკავშირისთვის და ჩემი ჩათვლით, მას ევროპის კონტინენტზე მნიშვნელოვან ქვეყნად განვიხილავთ.

ეს არის სახელმწიფო, რომელსაც დღემდე მოვიაზრებდით, როგორც ლიდერს რეგიონში დემოკრატიული რეფორმების და ევროპასთან პარტნიორობის კუთხით. მაგრამ, ხუთშაბათის შემდეგ, მე იმედგაცრუებული დავრჩი. მაქვს ბევრი წუხილი და შეშფოთების მიზეზი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით.

არ ვიცი, რა მოხდება ახლა, მაგრამ, მსგავს შემთხვევებში, მოლაპარაკების პროცესის შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას, მთავრობას ეკისრება, რამეთუ მას გააჩნია ყველა რესურსი.

ის აკონტროლებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, და გავლენა აქვს პრეზიდენტის ინსტიტუტზე. ვიტყოდი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის გუნდს, ამ მოლაპარაკებების წარუმატებლობაში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. ხელი, რომელიც ევროპამ საქართველოს გაუწოდა, ქვეყანამ არ მიიღო". - თქვა მან. 

კითხვაზე, რას მოიმოქმედებს ევროპა ახლა, იუნკევიჩიანესი პასუხობს, რომ ევრავინ იქნება "ქართველებზე მეტად ქართველი". 

მისივე თქმით, ყოველთვის ჰქონდა ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არაფერს ნიშნავს. 

"ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ სიტუაციაში ბედნიერი და გამარჯვებულია, რუსეთის ფედერაციაა. ეჭვი ყოველთვის მქონდა და ახლაც მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც კულისებში იყო და არ ჩანდა მოლაპარაკების მაგიდასთან, ევროატლანტიკური ინტეგრაცია არაფერს ნიშნავს. მე ძალიან გულწრფელად გეტყვით ამას. ხუთშაბათის შემდეგ, ჩემი ეჭვები უფრო გამყარდა. ჩემს კოლეგებთან, ან მეგობრებთან „ქართულ ოცნებაში“ და ოპოზიციაში ხშირად მიკითხავს ამაზე. ევროპარლამენტში არ გვაინტერესებს რომელი პარტიაა მთავრობაში და ვის მიყავს ქვეყანა ევროპული გეზით. 

მაგრამ, მე არასდროს მინახავს ბიძინა ივანიშვილი არც ბრიუსელში ან ვაშინგტონში, რომ ის შეხვედროდეს იქ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, არასდროს მინახავს მისი ინიციატივა ან მოწოდება ოპოზიციისადმი, რაიმე შეთანხმების მისაღწევად, არასდროს მინახავს მისი ხელმოწერა იმ დოკუმენტზე, რომელიც ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას ითვალისწინებს. ეს ადრეც მითქვამს, წლების წინ. შესაძლოა, იგივე მოსაზრება გააჩნდეთ ვაშინგტონშ". - ამბობს ევროპარლამენტარი.

მისივე თქმით, შესაძლოა დღეს ქართველი ხალხი ივანიშვილის და სააკაშვილის პირადპი დაპირისპირების მძევალია. 

"ჩვენ არასდროს გვინახავს ყოფილი ლიდერების ხელმოწერა, ან მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა სადმე.

დღეს კი მგონია, რომ ქართველების დიდი ნაწილი ამ ყოფილი ლიდერების პირადი შეხლა-შემოხლის და დაპირისპირების მძევალია. არცერთი აღნიშნული ლიდერი აღარ არის ავანსცენაზე, თუმცა, ვფიქრობ, მათი პირადი დაპირისპირება ორივე მათგანისთვის უფრო მთავარია, ვიდრე ქართველი ხალხის მომავალი". - ამბობს იუნკევიჩიანესი 

19 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებები ჩაიშალა. 

კრისტიან დანიელსონმა, რომელიც საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წარმოადგენდა, თქვა, რომ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. 

დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. 

დანიელსონამდე კი საქართველოში თავად შარლ მიშელი იმყოფებოდა. მან 6-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას უნდა განეხილათ. მათ შორის იყო რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი.


close დახურვა