logo
ENG



ევროპის საბჭო: რუსეთის დავალიანება საქართველოს წინაშე დაახლოებით 133,4 მილიონი ევროა

08 დეკ 202320:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/08/9a7bgczi9ustqrd.jpg

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის მიერ საქართველოსთვის გადასახდელი კომპენსაცია დაახლოებით 133,4 მილიონი ევროს შეადგენს.

მინისტრთა კომიტეტი ევროპული სასამართლოს მიერ აპრილში მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რომლის თანახმადაც რუსეთს საქართველოსთვის სამი თვის ვადაში 129 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ რუსეთს ეს ვალდებულება არ შეუსრულებია. 

"ამ კვირის სხდომაზე მიღებულ შუალედურ რეზოლუციაში მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა, რომ რუსეთს კომპენსაცია არ გადაუხდია. რუსეთის ფედერაციის მიერ დავალიანების მთლიანი თანხა, დარიცხული პროცენტის ჩათვლით, შეადგენს დაახლოებით 133,4 მილიონ ევროს", - ნათქვამია ევროპის საბჭოს ვებ-გვერდზე. 

მინისტრთა კაბინეტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, თანხა დაუყოვნებლივ გადაიხადოს. ამასთან ერთად, გამოთქვა შეშფოთება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება არ აქვთ. 

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი 2022 წლის მარში ევროსაბჭოდან გარიცხეს, რუსეთი კვლავ რჩება გაეროს წევრად და შესაბამისად, მის მონიტორინგის პროცედურებს ექვემდებარება. 

"ევროპის საბჭო აქტიურად მუშაობს გაეროს ორგანოებთან, რათა შეახსენოს რუსეთს მისი უპირობო სამართლებრივი ვალდებულება, განახორციელოს ECHR-ის გადაწყვეტილებები. მომავლ კვირას გაეროს სპეციალური მომხსენებელი ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტთან ერთად ამ თემაზე აზრთა გაცვლა-გამოცვლის მიზნით, სტრასბურგს ეწვევა", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა