logo
ENG



ევროპის ქვეყნები მზად არიან, ტანკები გადმოგვცენ, საჭიროა ერთი ქვეყნის თანხმობა - ზელენსკი

19 იან 202322:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/19/90h87uco3xi22ki.jpg
REUTERS/Valentyn Ogirenko

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპის მრავალი ქვეყანა მზადაა, უკრაინას ტანკები გადასცეს, თუმცა ისინი ტანკებზე "უფლებების მქონე ქვეყნისგან" თანხმობას ელიან.

„ბევრი ქვეყანა გამოგზავნიდა ტანკებს, მაგრამ ისინი ელოდებიან დოკუმენტებს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მათზე [ტანკებზე] უფლებებს ფლობენ. პოლონეთი მზადაა, ფინეთი, პორტუგალია, ესპანეთი და საკმაო რაოდენობის სხვა ქვეყნები მზად არიან, უკრაინას თუნდაც მცირე ოდენობის ტანკები გაუგზავნონ. და ამის გაკეთებისთვის აქამდეც მზად იყვნენ. ჩვენ ყველა ველოდებით იმ ქვეყნის თანხმობას, რომელსაც გარკვეულ ლიცენზიებზე აქვს უფლება" - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი ამ ქვეყანაში, სავარაუდოდ, გერმანიას გულისხმობდა. ვინაიდან Leopard-ის ტანკებს გერმანია აწარმოებს, მათი გადაცემა NATO-ს არაწევრი ქვეყნისთვის გერმანიის თანხმობას საჭიროებს.

ცოტა ხნით ადრე პოლონეთის პრემიერმინისტრმა პატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ, შესაძლოა, პოლონეთმა უკრაინას Leopard 2 ტიპის ტანკები გერმანიის თანხმობის გარეშე გადასცეს იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი გაიწელება.

გერმანიამ კი განაცხადა, რომ მათ პოლონეთისგან უკრაინაში ტანკების გაგზავნის მოთხოვნა არ მიუღიათ.


close დახურვა