ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არ იყო სამართლიანი.
როგორც მიშელი Twitter-ზე წერს, ბელარუსში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ევროკავშირი სანქციებზე მუშაობას იწყებს.
"არჩევნები ბელარუში არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი. ის ძალადობრივი ქმედებები, რაც მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განახორციელეს, იყო შოკისმომგვრელი. ამისთვის ყველამ უნდა აგოს პასუხი. ევროკავშირი იწყებს მუშაობას სანქციებზე", - წერს ევროსაბჭოს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ბელარუსთან დაკავშირებით მორიგ შეხვედრას 19 აგვისტოს გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მასში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოც მონაწილეობდა. აღსანშნავია, რომ ეს ლუკაშენკოს რიგით მე-6 საპრეზიდენტო არჩევნებია. მისი მთავარი ოპონენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია იყო.
ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ს მოპოვება შეძლო.
ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება. მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. სულ ანტისამთავრობო აქციებზე 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 ათასი ადამიანი დააკავეს.
16 აგვისტოს, მინსკში მასშტაბური თავისუფლების მარში გაიმართა, რომელშიც 200 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
თავის მხრივ ევროკავშირი და დასავლეთი ბელარუს ხალხს მხარს უჭერს და სანქციების დაწესებას განიხილავს. ევროკავშირმა სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა და ე.წ. შავი სია, აგვისტოს ბოლოს შემუშავდება.