ევროპული საქართველო 5 ივლისს ღირსების მარშს შეუერთდება.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "ღირსების მარშის" მხარდაჭერა პრინციპული საკითხია.
"ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება და არავის მივცეთ ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების შესაძლებლობა.
ჰომოფობია ჩვენი საზოგადოების მძიმე გამოწვევაა, რადგან სექსუალური და გენდერული უმცირესობის წარმომადგენლებს ძალადობისა და შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ჩვენი ვალია დავიცვათ ჩაგრულთა უფლებები.
ეს არა მხოლოდ ამ უმცირესობების, არამედ თითოეული ჩვენგანის თავისუფლებისა და ღირსების საკითხია. ფაშისტური ძალების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია, ამ ძალების აბსოლუტური უმრავლესობა პუტინისტურია და საქართველოში რუსულ ინტერესებს ემსახურება.
ეს ძალები საქართველოს ხელისუფლების წახალისებითა და მხარდაჭერით მოქმედებენ, ამიტომ პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას ეკისრება. საზოგადოებამ უნდა აიძულოს მთავრობა დროულად შეზღუდოს ისინი", - აღნიშნულია განცხადებაში.
1-5 ივლისის ჩათვლით თბილისში "პრაიდის კვირეული" ტარდება. 5 ივლისს კი რუსთაველის მეტროდან დაგეგმილია მსვლელობა - ღირსების მარში. 2013 წლის შემდეგ ლგბტქ აქტივისტები რუსთაველის გამზირზე პირველად გაივლიან.
დღეს, 3 ივლისს, საპატრიარქომ ღირსების მარშთან დაკავშირებით მორიგი ჰომოფობიური განცხადება გაავრცელა და 5 ივლისს, მარშის პარალელურად აქცია დააანონსა.
საპატრიარქოს გარდა, ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ.
საკითხთან დაკავშირებით, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის თავისუფლება.
თბილისი პრაიდის აქციის მონაწილეების დაცვისკენ სახელმწიფოს მოუწოდა სახალხო დამცველმა. თბილისის მერს, კახა კალაძეს კი ანალოგიური მოწოდებით ამსტერდამის მერმა მიმართა.
1-ლი ივლისის ღონისძიება - ფილმის ჩვენება ასევე ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფების კონტრაქციის ფონზე გაიმართა. მათ პრაიდის ღონისძიების მონაწილეებს, მათ შორის დიპლომატებს კვერცხები, ბოთლები და ქვები დაუშინეს.