logo
ENG



ევროპული საქართველო პარლამენტთან დაანონსებულ მდუმარე აქციას უერთდება

06 ივლ 202112:40
3 წუთის საკითხავი
 
ევროპული საქართველო პარლამენტთან დაანონსებულ მდუმარე აქციას უერთდება

ევროპული საქართველო პარლამენტის შენობასთან დღეს, 20:00 საათზე დაანონსებულ მდუმარე აქციას უერთდება.

პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია მხარდამჭერებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლისკენ მოუწოდებს.

"20:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ თავისუფლებისთვის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის და პუტინისტების წინააღმდეგ", - აცხადებს გიგა ბოკერია.

აქციას ასევე უერთდება პარტია გირჩი - მეტი თავისუფლება და მოძრაობა დროა.

აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც გუშინ, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. მათგან 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ჟურნალისტებზე ძალადობის დროს პოლიციას არავინ დაუკავებია. მოგვიანებით შსს-ში განაცხადეს, რომ ძალადობის 55 ფაქტი გამოავლინეს და 8 ადამიანი დააკავეს, თუმცა მხოლოდ ადმინსიტრაციული წესით. 

1-ლი ივლისიდან საქართველოში თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც 5 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია 5 ივლისს დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, აძვრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.

პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის 5 ივლისს აღარ გაიმართებოდა. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.


close დახურვა