4 ახალი ინფიცირებულიდან, რომლებსაც ვირუსი ცოტა ხნის წინ დაუდასტურდათ, 1 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 კი, სხვა სამედიცინო დაწესებულებებში.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, მათთან მოთავსებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე არ არის. რაც შეეხება ვირუსის წყაროს, მან აღნიშნა, რომ ინფექციურში მყოფი პირი ამერიკის კლასტერიდან არის, ხოლო დანარჩენი 3- მარნეულის.
„ამ დროისთვის ინფიცირებულია 70 პაციენტი. აქედან 1, რომელსაც ვირუსი დღეს დაუდასტურდა, არის ჩვენს ცენტრში, სამი კი, მოთავსებულია სხვა კლინიკებში. ამჟამად ჩვენთან არის 33 პაციენტი. ახალი პაციენტი ამ ეტაპზე არ ფასდება როგორც პრობლემური. მისი კვლევები გაგრძელდება და დაახლოებით 24-48 საათიანი დინამიკით შეიძლება შევაფასოთ შემდგომში მისი პროგნოზული მდგომარეობა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მისი თქმით, ამ დროისთვის 3 პაციენტის შემთხვევაში ვირუსზე ნეგატიური პასუხი მიიღეს, კიდევ რამდენი შემთხვევაში კი, სუსტად დადებითი. მათ მომდევნო 48 საათში დამატებითი კვლევები ჩაუტარდებათ და მათ, ვისაც ვირუსი უკვე მეორე კვლევის შედეგადაც არ დაუდასტურდებათ, ბინაზე გაწერენ.
„დილიდან ჩაუტარდა 12 პაციენტს კვლევა, აქედან როგორც გითხარით ერთი დადასტურდა 11 იყო უარყოფითი. აღებულია კიდევ ამდენივე პაციენტზე კვლევა და ხვალ დილას მოგახსენებთ შედეგებს. ასევე, ამ დროისთვის სამი პაციენტის შემთხვევაში მიღებულია პირველადი ნეგატიური პასუხი, რამდენიმეს დაუფიქსირდა სუსტი დადებითი. ჩატარდება განმეორებითი კვლევა 2-3 დღეში და შემდგომში გაგრძელდება ტესტირების მონიტორინგი“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 70 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252. ვირუსისგან სრულად განიკურნა 9 პაციენტი.