logo
ENG



ელისაშვილი: არ მინდა, დავიჯერო, რომ ვაშაძე შანტაჟის მსხვერპლია, უბრალოდ უარი ვერ ავხსენი

18 იან 202118:36
3 წუთის საკითხავი
 
ელისაშვილი: არ მინდა, დავიჯერო, რომ ვაშაძე შანტაჟის მსხვერპლია, უბრალოდ უარი ვერ ავხსენი

"არ მინდა ეს დავიჯერო, შანტაჟისთვის არავინ მემეტება", - თქვა გადაცემაში კომენტარი პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მას შემდეგ, რაც მანამდე ეჭვი გამოთქვა, რომ გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ, შესაძლოა, კომპრომატები ჰქონდეთ "ვანო მერაბიშვილს ან გიგა ბოკერიას".

ელისაშვილის თქმით, მას იმადი აქვს, რომ ვაშაძე "არ არის შანტაჟის მსხვერპლი", თუმცა ვერაფრით ხსნის, რატომ შეიცვალა მან აზრი მოქალაქეების და გირჩის ინიციატივის განხილვის შესახებ:

"არ ვიცი...ამაზე ძალიან ბევრი ლაპარაკობს და არ მინდა რომ ეს ასე იყოს, იმიტომ რომ შანტაჟისთვის არავინ მემეტება, იმისთვის რომ აზრი შეცვალოს. და იმედი მაქვს, რომ ვაშაძე არ არის ამის მსხვერპლი. მე მომწონს - არ მომწონს , მონდომებული კაცია. ამ ერთ დღეში რა დაემართა ამ კაცს?! გუშინ და გუშინ წინ თუ თანახმა იყავი, დღეს რა დაემართა ვაშაძეს?!

არ მინდა ეს დავიჯერო. წინა ხელისულება რომ თავის თანაგუნდელებზე კომპრომატებს აგროვებდა ეს ყველამ ვიცით, ეს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი რომ თავის თანაგუნდელებზე კომპრომატებს არა მარტო აგროვებდა, არამედ ავრცელებდა, ესეც ვიცით...გამორიცხული არაფერია, უბრალოდ მე მინდა რომ ეს ასე არ იყოს. უბრალოდ ვერაფრით ავხსენი უარის თქმა", - თქვა ალეკო ელისაშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე ალეკო ელისაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა: "იაგო ხვიჩიას აქვს ეჭვი, რომ შესაძლოა რაღაც კომპრომატები აქვთ გიორგი ვაშაძის ან სხვა ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ, მაგალითად ვანო მერაბიშვილს ან გიგა ბოკერიას, ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამით მანიპულირებენ. ეს ეჭვია, მტკიცებულება არ არსებობს". 

შეგახსენებთ, რომ ვაშაძესთან შეხვედრის ინიციატივა მოქალაქეებმა გამოთქვეს. ისინი, იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილის  გირჩთან ერთად, ოპოზიციას მიმართავენ წინადადებით, თვითმმართველობის არჩევნების შედეგი გახდეს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის წინაპირობა - თუ ამ არჩევნებში ოპოზიცია ჯამურად გაიმარჯვებს, ამ შემთხვევაში დაინიშნოს ახალი არჩევნები. მანამდე კი, მოქალაქეები ამბობენ, რომ საარჩევნო რეფორმისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემთხვევაში, პარლამენტში შევლენ. არცერთი სხვა ოპოზიციური პარტია ახალი არჩევნების თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე მიბმის იდეას მოწონებით არ გამოხმაურებია.

მათ შორის დღეს, 18 იანვარს გიორგი ვაშაძემ ფორმულას გადაცემაში კომენტარი განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან მოლაპარაკების და მათი ინიციატივის განხილვის აზრს ვერ ხედავს. ვაშაძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი ახალი ინიციატივის დაყენება მოლაპარაკებებისთვის წამგებიანია, რადგან ქართული ოცნება, თავის მხრივ, არანაირი ინიციატივით არ გამოდის. 

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და სისტემის რეფორმა. ოპოზიციამ მმართველ გუნდს პლებისციტიც შესთავაზა, რომელიც ითვალისწინებდა ამომრჩევლისთვის კითხვის დასმას იმაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები.  ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მუშაობას განიხილავს.

2020 წლის 11 დეკემბერს X მოწვევის პარლამენტი მხოლოდ 1 პარტიით შეიკრიბა. მოგვიანებით პარლამენტში შევიდა 4 დეპუტატი, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში პატრიოტთა ალიანსის სიით მოხვდნენ, შემდეგ კი სხვა პარტია, ევროპული სოციალისტები ჩამოაყალიბეს. მანდატებზე ამ დრომდე უარი არ უთქვამთ მოქალაქეებისა და გირჩის  ერთერთი განაყოფის დეპუტატებს.


close დახურვა