logo
ENG



ელისაშვილი:კუხიანიძეს მორალური უფლება არ აქვს, საკრებულოში რჩებოდეს

16 დეკ 201908:49
3 წუთის საკითხავი
 
5r5f5ydkkdkqmbe.jpg

„დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ" - თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის გადადგომას დღეს სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ.  „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებლის ალეკო ელისაშვილის ინიციატივას „სირცხვილიას", „გაბედესა" და „შეცვალეს" აქტივისტებიც უერთდებიან. 

აქციის მიზეზი „ქართული ოცნების" დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის Facebook პოსტი გახდა, რომელშიც კუხიანიძე ცხინვალში პატიმრობაში მყოფ ექიმს და მის ოჯახს შეურაცხყოფას აყენებს. საკრებულოს წევრი ექიმს პროვოკატორს უწოდებს და ე.წ. საზღრის განზრახ კვეთაში ადანაშაულებს. ელისაშვილის თქმით, კუხიანიძეს მორალური უფლება არ აქვს, რომ თანამდებობაზე დარჩეს.

„მას არანაირი უფლება არ აქვს რომ რჩებოდეს თბილისის საკრებულოში, ვინაიდან მან შეურაცხყოფა მიაყენა ცხინვალის საპატიმროში გამოკეტილ ადამიანს, რომელიც არ ტყდება. ოსებიც კი პატივს სცემენ ამ გაუტეხლობითვის. ეს კაცი თბილ სავარძელში მოკალათებული გამოვიდა და მის ოჯახს აგინებს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

სამარცხვინოს უწოდებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი კუხიანიძის ფეისბუქის პოსტს და აცხადებს, რომ მსგავს საკითხებში აუცილებელია ქვეყანაში ერთიანი პოზიცია არსებობდეს.

"რადგან ეს გაჩნდა და ამას ვიღაც აყვა, ეს არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის მტერს უნდა. ერთიანობა ასეთ საკითხებში არის აუცილებელი და არა ის სამარცხვინო ამბავი, რაც მოვისმინეთ. თუნდაც 1 ან 2 პოლიტიკოსის მხრიდან",-განაცხადა გიგი წერეთელმა.

საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე საკუთარ Facebook-გვერდზე 15 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა. კუხიანიძის თქმით, საოკუპაციო ხაზთან აქციის გამართვა პროვოკაციული ნაბიჯია და ამით ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება. 

კუხიანიძის კრიტიკას საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება მოყვა. ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა კუხიანიძის საკრებულოდან გარიცხვა მოითხოვა. თავად ოცნების წევრმა, კუხიანიძემ Facebook-ზე მორიგ სტატუსი გამოაქვეყნა. ამჯერად, კუხიანიძე საზოგადოების კრიტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, არასწორად მოქმედებენ ის ადამიანები, რომლებიც კუხიანიძეს კიცხავენ, ასევე მმართველი გუნდის მუშაობას იწუნებენ. მან საზოგადოების კრიტიკა ფსიქიკურ აშლილობად შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემრერს, ე.წ. საზღვრის განზრახ გადაკვეთისთვის დააკავა. ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავად გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საზღვარი არ გადაუკვეთავს და ის საქართველოსტერიტორიაზე იმყოფება.

14 დეკემბერს გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა, ის პატიმრობაში დატოვეს. 

 


close დახურვა