მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ კარტოგრაფების საქმეზე ნატალია ილიჩოვასა და ვალერი მელაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლება მისი და ლევან იოსელიანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგია, ამბობს, რომ კარტოგრაფების გათავისუფლება პარლამენტში შესვლის საკითხთან მიმართებით რეალობას მნიშვნელოვნად ცვლის.
"რა თქმა უნდა ცვლის რეალობას", - ამბობს მოქალაქეების ლიდერი, - "დღევანდელი გათავისუფლება ბატონი მელაშვილის და ქალბატონი ილიჩოვასი, რა თქმა უნდა, ცვლის ყველაფერს".
მისი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, მოლაპარაკებისა და შეთანხმების საკვანძო საკითხი საარჩევნო რეფორმაა, რომელზეც, მისი თქმით, ხელისუფლებასთან გარკვეულ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
"საარჩევნო საკითხები არის, სადაც უამრავი მუხლი არის. ძირითად ნაწილზე შეთანხმებულები ვართ", - ამბობს ელისაშვილი.
ჯერჯერობით შეუთანხმებელია ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების მიერ პოლიტპატიმრად შერაცხული გიორგი რურუას საკითხი, რომლის გათავისუფლებასაც, ოპოზიციის და საერთაშორისო აქტორების ცნობით, ჯერ კიდევ 2020 წელს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული ე.წ 8 მარტის შეთანხმება ითვალისწინებდა.
ელისაშვილი ამბობს, რომ რურუას გათავისუფლების მსურველი პოლიტიკური აქტორები ქუჩის პროტესტს უნდა შეეშვან და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდნენ.
"ჩვენ ვიბრძვით ამ გვარისთვისაც", - განაცხადა ელისაშვილმა, - "სხვები ქუჩაში დგანან და რაღაც გაუგებარი საქმით არიან დაკავებულები. მოლაპარაკების მაგიდაზე წყდება ეს".
მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეების, გირჩის ლიდერთა ნაწილის და პატრიოტთა ალიანსიდან გამოყოფილი ევროპელი სოციალისტების გარდა ყველა ოპოზიციურმა აქტორმა სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვა, მათ უკვე რამდენჯერმე მოუწოდეს ხელისუფლებას მოლაპარაკებების პროცესის აღდგენისკენ და მასში მონაწილეობის მზაობა საჯაროდ გამოთქვეს.
მიუხედავად ამისა, ელისაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ და მოუწოდებს მათ, "გონს მოეგონ".
"დანარჩენი ოპოზიციაც გონს მოეგოს და დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან", - განაცხადა ელისაშვილმა.
ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლე ლელა კალიჩენკომ 20 000-20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გირაოს გადასახდელად ორივეს 30-დღიანი ვადა აქვს. მოსამართლემ, ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმ მოტივით, რომ მელაშვილის თანამდებობა მის შეჩერებამდე, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.
ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დღის წესრიგში კარტოგრაფების საქმე არ განიხილება. მანვე აღნიშნა, რომ კონკრეტული პირების პატიმრობაში ყოფნისა და გათავისუფლების საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება.