საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროატლანტიურ არჩევანს და ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
რონდელის ფონდის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ელჩმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორები.
"ჩვენი პრინციპია, რომ ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება, თავად აირჩიონ პოლიტიკური თუ ეკონომიკური პარტნიორები. ამ ფუნდამენტურ პრინციპს არ შევცვლით და არ დავაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ. საქართველოს გადასაწყვეტია ვისი პარტნიორი იქნება და წლების განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მომხრეა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის. ესაა არჩევანი, რომელიც ქართველებმა გააკეთეს და რომელსაც ბევრი უჭერს მხარს. შეერთებული შტატები ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და სრულად უჭერს ქართველი ხალხის არჩევანს მხარს.
ჩვენ ვართ საქართველოს, უკრაინის და ევროპელების გვერდში, როდესაც რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ უსაფრთხოებას. მნიშვნელოვანია საქართველოდან ვთქვა, რომ ძალა ერთობაშია", - თქვა დეგნანმა.
ამასთან, ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ს პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით.
"გავიმეორებ, რაც რუსეთთან მოლაპარაკებებში, ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელმა უენდი შერმანმა და შეერთებული შტატების ბევრმა ოფიციალურმა პირმა თქვა: ჩვენ არ მოვილაპარაკებთ ევროპაზე ევროპის გარეშე, ნატო-ზე ნატო-ს გარეშე, უკრაინაზე უკრაინის გარეშე და საქართველოზე საქართველოს გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი ცდილობს გაყოს ალიანსი, გაყოს ევროპელები და ამერიკელები. ჩვენ კი ვნახეთ, რომ ძალა ერთობაშია", - აღნიშნა კელი დეგნანმა.
11 იანვარს ჟენევაში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები გაიმართა, 12 იანვარს კი ბრიუსელში რუსეთისა და ნატოს შეხვედრა.
11 იანვარს გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შერმანმა თქვა, რომ რომ ვაშინგტონი არ დაუშვებს, "ვინმემ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა დახუროს".
რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის მტკიცებით, შეხვედრაზე ითქვა, რომ რუსეთს არ გააჩნია განზრახვა, უკრაინას თავს დაესხას. ამასთან, რიაბკოვმა პრესკონფერენციაზეც გააჟღერა რუსეთის სურვილი, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები არ გახდნენ.