logo
ENG



ელჩი მოსამართლეებზე: პარლამენტზეა დამოკიდებული, რამდენად შესრულდება 19 აპრილის შეთანხმება

29 ივნ 202113:37
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ახლა უკვე პარლამენტზეა დამოკიდებული მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერება და შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. 

როგორც კელი დეგნანი ამბობს, სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად საჭიროა ფართო და ინკლუზიური დებატები.

"კანონის უზენაესობა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა წინაპირობაა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. პოლიტიკურმა პარტიებმა და ლიდერებმა განაცხადეს თანხმობა ამ საკითხზე, რომ საჭიროა განხორციელდეს ფართო და ინკლუზიური დებატი სასამართლო რეფორმაზე და შემდეგ დაიწყოს რეფორმა. სწორედ ამის გზამკვლევია მოცემული 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელსაც მხარეებმა ხელი მოაწერეს. დოკუმენტი გულისხმობს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დროებით შეჩერებას, სანამ ეს ფართო და ინკლუზიური დებატი განხორციელდება სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად", - ამბობს დეგნანი.

ის იმედოვნებს, რომ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო დებატები შედგება, რომელშიც ყელა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული. 

"იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა კანდიდატთა სია, თუმცა ახლა პარლამენტზეა დამოკიდებული და მათი უფლებამოსილებაა, რამდენად შესრულდება შარლ მიშელის შეთანხმება", - ამბობს დეგნანი.

23 ივნისს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, როგორც ეს გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით. 

დეგნანის განცხადებით, შეთანხმება ითვალისწინებს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას გამჭვირვალე რეფორმების ჩატარებამდე.

მოწოდებების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა. 

​ელჩებმა წერილით მმართველ გუნდს შეახსენეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები და ხაზი გაუსვეს, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ფინანსური დახმარება.

რა წერია შეთანხმებაში?

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.

 

 


close დახურვა