logo
ENG



ემიგრანტები იტალიიდან: საქართველოს მთავრობას ვთხოვთ დაგვაბრუნოს სახლში

29 მარ 202015:08
3 წუთის საკითხავი
 
xawqq5ae13ynymp.jpg

კორონავირუსთან დაკავშირებული მოვლენების გამო იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები  სამშობლოში სასწრაფოდ დაბრუნებას ითხოვენ. ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, "ფორმულას" დაუკავშირდა და არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. 

როგორც იტალიის ქალაქ ნაპოლიში მცხოვრები ემიგრანტი გვიყვება, სადაც მუშაობს, ის ოჯახი გარეთ არ უშვებს და მძიმე პირობებში უწევს ყოფნა. ის არ გამორიცხავს, რომ მომდევნო თვიდან ხელფასიც შეუმცირდეს ან საერთოდ ვეღარ აიღოს. მისივე თქმით, მსგავს მდგომარეობაშია ემიგრანტების უმრავლესობა და ზოგიერთ მათგანს საჭმლის ფულიც აღარ აქვს.

"ჩემს მდგომარეობაში კიდევ უამრავი ემიგრანტია. ძალიან ბევრი საერთოდ უმუშევარი დარჩა, არ აქვს საჭმელი და სასმელი. მე იმდენსაც ვერ ვახერხებ, რომ როგორმე თანხა მაინც მივაწვდინო ჩემს მეგობარ ემიგრანტებს. სახლიდან არ მიშვებენ, ეზოშიც კი ვერ გავდივარ და აქაც მძიმე სიტუაციაა. სტრესულ მდგომარეობაში გვიწევს ყოფნა და ვითხოვთ, რაც შეიძლება მალე დაგვეხმაროს მთავრობა", - აღნიშნავს ემიგრანტი იტალიიდან.

როგორც ირკვევა, ის რამდენჯერმე დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იტალიაში საქართველოს წარმომადგენლობას, მაგრამ უშედეგოდ. 

"ძალიან ბევრჯერ დავრეკე საგარეოში და ბოლოს, როგორც იქნა, მიპასუხეს. მითხრეს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იტალიის საკონსულოში გადამამისამართეს. შემდეგ ტელეფონი გაითიშა. ამის შემდეგ ისევ ვერ დავუკავშირდი და უკვე აზრიც აღარ აქვს, მაინც არ გვპასუხობენ. იტალიის საკონსულოშიც არ გვპასუხობენ და ასე ვართ დარჩენილები. მთავრობას ოფიციალურ გვერდზეც მივწერე და ყველანაირად შევეცადე ჩვენი ხმა მიგვეწვდინა, მაგრამ ამაოდ. აქ კი ვინც ჯერ ისევ ვმუშაობთ, შეიძლება ერთ თვეში ხელფასები საერთოდ ვეღარ გადაგვიხადონ. მოვითხოვთ, რაც შეიძლება მალე დაგვაბრუნოს საქართველოს მთავრობამ სახლში - ეს ჩვენი უფლებაა", - აღნიშნავს ემიგრანტი იტალიიდან. 

რაც შეეხება იტალიაში არსებულ მდგომარეობას, ბოლო მონაცემებით ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობა 10 000-ს ასცდა. კორონავირუსით დაინფიცირებულია 92 472 ათასი მოქალაქე, ხოლო გამოჯანმრთელებულია 12 384 ადამიანი. 

 


close დახურვა