ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის საკრებულოს მე-7 მოწვევის პირველი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
დღევანდელ სხდომაზე, სადაც საკრებულოს თავმჯდომარედ ისევ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს, ენმ-ს წევრებმა ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილ დეპუტატს, ნუგზარ ფუტკარაძეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, შემდეგ კი ოთახი დატოვეს.
სოფო ჯაფარიძის თქმით, მათ არ აქვთ მორალური უფლება, რომ "დემოკრატიის ფასადი" შექმნან და სხდომაში მონაწილეობა მიიღონ.
"ჩვენ წინასაარჩევნოდ ვუყურებდით ადამიანების მოსყიდვას, დაშინებას, როგორ იყენებდა ხელისუფლება როგორც ადმინისტრაციულ, ასევე ფინანსურ რესურსს, უკვე არჩევნების დღეს ვუყურებდით კარუსელებს, ფულის დარიგებას და იმას, როგორ ეხმარებოდნენ სუს-ის წარმომადგენლები ქართულ ოცნებას.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიციამ შეძლო და მოიგო გარკვეული მუნიციპალიტეტები, მათ შორის ბათუმის საკრებულო. აქ დაიწყო უკვე შემდგომი ზეწოლა, ძალადობა, მოსყიდვის მცდელობები დეპუტატების მიმართ, მათ შორის ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ. მისმა გულმა ამ ყველაფრს ვერ გაუძლო.
ჩვენ ვთვლით, რომ დღეს არ გვაქვს იმის მორალური უფლება, დავესწროთ დღევანდელ სხდომას და შეგიქმნათ დემოკრატიის ფასადი, თითქოს არაფერი ხდება და ყველაფერი კარგადაა. აქედან გამომდინარე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღევანდელ სხდომას ტოვებს", - თქვა ჯაფარიძემ.
დღეს ახალი მოწვევის საკრებულოები ყველა ქალაქში პირველ სხდომას მართავენ. ნაციონალური მოძრაობის გარდა, სხდომა დატოვეს გიორგი გახარიას პარტიის წევრებმაც. თბილისის საკრებულოში ყველა თანამდებობას ისევ ქართული ოცნების წევრები დაიკავებენ.
ცნობისთვის, ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.
ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ 24 ნოემბერს ბრიფინგზე თქვა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა.
კირთაძემ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისივე თქმით, ისმის, როგორ სთავაზობენ ფუტკარაძეს ქართულ ოცნებაში გადასვლის სანაცვლოდ 100 000 დოლარს. მისი განცხადებით, ფუტკარაძემ ჩანაწერების გაკეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეხვედრები გაუსაძლის ხასიათს იღებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმის ახალი საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.