ნაციონალური მოძრაობის წევრის, გია ბარამიძის განცხადებით, პარტიაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც თავმჯდომარის არჩევის წესებს შეიმუშავებს. მისი თქმით, ეს ჯგუფი მათ შორის იზრუნებს იმაზე, რომ ეს არჩევნები იყოს "სამართლიანი, გამჭვირვალე და გასაგები".
"გუშინ ეს პროცესი დაიწყო იმით, რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა მოამზადოს ის წესი, რა წესითაც უნდა იქნეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე არჩეული. შესაბამისად, ბუნებრივია, ამ ჯგუფს ექნება საკმაოდ რთული და არამარტივი სამუშაო იმისთვის, რომ შეიქმნას ისეთი წესი, რომელიც მრავალ საკითხს და მრავალ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, მათ შორის ის, რომ არჩევნები იყო სამართლიანი, ხმის მიცემის პროცედურა იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და ყველასთვის გასაგები, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს არა ვიღაც სხვამ, მით უმეტეს, ამ ქოცური რეჟიმის წარმომადგენლებმა, ან ვიღაც სხვა, დაინტერესებული პარტიების წარმომადგენლებმა, არამედ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა. ასევე, არის ძალიან დიდი სურვილი, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს ჩვენმა ემიგრაციამ", - განაცხადა მან.
ბარამიძემ ისაუბრა ვადებზეც და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ეს პროცესი 22 ნოემბრამდე დასრულდება - სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ წესებზე კი შემდგომ პოლიტსაბჭო იმსჯელებს. მისი განცხადებით, აქვთ მოლოდინი, რომ თავმჯდომარის პოსტის დაკავების სურვილს სხვა კანდიდატებიც გამოთქვამენ.
"ეს ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, რომ არავის ეჭვი არ შეეპაროს ამ პროცესის სამართლიანობაში და ეს პროცესი იყოს ყველასათვის გამჭვირვალე, გასაგები, მისაღები და შედეგი რაც დადგება, ბუნებრივია, იყოს ობიექტური. ამისთვის ჩამოყალიბდა ჯგუფი, ვინც, ვთქვათ, ნეიტრალურ პოზიციას იჭერს და ასევე, ვისაც აქვს გარკვეული პოზიცია და ამ ჯგუფის ერთად მუშაობის შედეგად 22 რიცხვამდე, ასეთია ჩვენი ამოცანა, რომ იმედია შევძლებთ ამ წესის შემუშავებას, უნდა იყოს ეს წესი ჩამოყალიბებული.
შემდეგ, დიდი ალბათობით, ამას დაამტკიცებს და ამაზე იმსჯელებს პოლიტიკური საბჭო და შემდეგ დაიწყება კამპანია იმ კანდიდატურების, რომლებიც დაასახელებენ თავს. მოგეხსენებათ, უკვე ნიკა მელიაა დასახელებული და კიდევ კანდიდატები, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ დაიკავონ ეს ადგილი და ჩვენ, ასევე, ველოდებით, რომ შესაძლოა, სხვა კანდიდატურებიც გამოჩნდნენ", - აღნიშნა ბარამიძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ პარტიის რეგიონული ლიდერები შიდა პარტიულ არჩევნებს ითხოვენ, რაც მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევას გულისხმობს.
მისი თქმით, პარტიაში არჩევნები ყველა დონეზე უნდა ჩატარდეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია თავმჯდომარის არჩევნები, ვინაიდან, ნადირაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს, ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, მზად არის, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც.