logo
ENG



ენმ: ვგმობთ ადამიანების გარიყვას, მათ მიმართ სიძულვილის კამპანიას, ნებისმიერი ნიშნით

31 მარ 202316:39
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობა დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ ქართული ოცნების მიერ წარმოებულ ჰომოფობიურ და სიძულვილის კამპანიას ეხმიანება და გმობს.

პარტიის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ არც ერთი ადამიანი არ იყოს დაუცველი ხელისუფლების რეპრესიებისგან.

პარტიის განცხადება:

"ხელისუფლება, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ცდილობს იმ ახალგაზრდების დისკრედიტაციას, რომლებიც აპროტესტებდნენ რუსული კანონის მიღებას საქართველოში. 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის დაკავებაც სწორედ ახალგაზრდების დისკრედიტაციისა და დაშინების ლოგიკური გაგრძელებაა. ქართულ ოცნებას რუსული კანონის გაწვევით, უარი არ უთქვამს რუსულ სტილში ადამიანების დაშინებაზე, მათ დევნაზე.

მმართველმა პარტიამ მიიჩნია, რომ რუსული კანონის მიღებით გამოწვეულ სახალხო მღელვარებას ვერ ჩააცხრობდა აქციების დაშლით, ამიტომ საზოგადოებასთან ბრძოლის გზად აქციის მონაწილეების ინდივიდუალური "სამართლებრივი პასუხისმგებლობის" გზა აირჩია. ქართულმა ოცნებამ უღალატა გავრილოვის ღამის შემდეგ დადებულ პირობას, სრულად პროპორციული არჩევნების შესახებ; საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა შარლ მიშელის შეთანხმებაც. ისინი დღესაც აგრძელებენ სახელმწიფო ინტერესების საბოტაჟს, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს 9 აპრილის აქციის მნიშვნელობაში.

გუშინ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, რომელიც თავად არის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ქვეყნის ევროპული ორიენტაციის ცვლილებისა, ისაუბრა აწ უკვე დაკავებული ლაზარეს "არეულ ორიენტაციაზე", რასაც თან სდევდა ხელისუფლების პროპაგანდისტული მედიის ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ სიძულვილზე დაფუძნებული კამპანია. ერთის მხრივ, ქართულ ოცნებას დაქვემდებარებული სატელევიზიო არხები და, მეორეს მხრივ, მათ მიერ დაქირავებული ტროლ-ბოტები თუ ექსპერტები აქტიურად მიუთითებდნენ როგორც ლაზარეს გარეგნობაზე, ისე მის არაქართულ გვარზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ასევე მმართველი პარტიის თავმჯდომარისა და ქართული ოცნების სხვა ლიდერების მიერ წარმოებული სიძულვილის კამპანია, კიდევ უფრო გვაშორებს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გმობს ადამიანების გარიყვას და მათ მიმართ სიძულვილის კამპანიის წარმოებას, ნებისმიერი ნიშნით.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არც ლაზარე გრიგორიადისი და არც სხვა რომელიმე ახალგაზრდა იყოს დაუცველი ხელისუფლების უკვე დაანონსებული და მიმდინარე რეპრესიებისგან.

9 აპრილს, 17:00 საათზე, ყველანი ვიკრიბებით პარლამენტთან! ვუთხრათ არა რუსეთს, ვუთხრათ არა რუსულ რეპრესიებს! შევიყვანოთ საქართველო ევროკავშირში!"

დღეს, 31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.

გრიგორიადის დაკავების შესახებ შსს-ის განცხადების შემდეგ სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მედია POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი წარსულში "მამის მიმართ ძალადობაზეა ნასამართლევი".

შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.


close დახურვა