logo
ENG



ენმ შსს-ს განცხადებაზე: მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებების დაანონსებაა

15 ნოე 202113:06
3 წუთის საკითხავი
clock 1187
ენმ შსს-ს განცხადებაზე: მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებების დაანონსებაა

ნაციონალური მოძრაობის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებების დაანონსებაა.

მათი თქმით, განცხადებაში არასწორად არის განმარტებული საქართველოს კანონმდებლობის ნორმები, რაც მიმართულია დაანონსებული აქციის ხელშესაშლელად.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარ განაცხადა, რომ მსვლელობის მონაწილეები არღვევენ საქართველოს კანონს და კონსტიტუციას. აღნიშნული განცხადებაში არასწორად არის განმარტებული საქართველოს კანონმდებლობის ნორმები, რაც მიმართულია დაანონსებული აქციის ხელშესაშლელად და წარმოადგენს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებების დაანონსებას.

საქართველოს კონსტიტუციიის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია შეკრების თავისუფლება, "ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება".

ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. შესაბამისად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება არა მხოლოდ დაიცვას მშვიდობიანი შეკრება, არამედ განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, პირთა მიერ ხსენებული უფლების ეფექტიანი რეალიზების უზრუნველსაყოფად.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ საჯარო განცხადებით წინასწარ იქნა გაფრთხილებული ყველა შესაბამისი ორგანო, რომ ზემო ხსენებული მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართებოდა შეზღუდული დროის მონაკვეთში 15:00 საათიდან 17:00 საათამდე.

წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის არსებობის ერთადერთი მიზანია სახელმწიფო ორგანოებისათვის შესაძლებლობის მიცემა, მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს შეკრებისა ან/და მანიფესტაციის უფლების განხორციელება", - ნათქვამია განცხადებაში.

პარტია მოუწოდებს შსს-ს, შეკრების მშვიდობიანად ჩატარება და კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოს.

"მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის სტრუქტურებს, უზრუნველყონ შეკრების მშვიდობიანად ჩატარება და კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, "შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა", - აღნიშნულია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს დაგეგმილი ენმ-ს აქციის შესახებ, რომლის შედეგად მტკვრის ორივე სანაპიროს გადაკეტვა იგეგმება, წერს, რომ საჭიროების შემთხვევაში შსს პროპორციულ ძალებს და სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებს.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინფორმაციით, დღეს, 15 ნოემბერს, 14:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბებიან.

მელიას თქმით, ავლაბრიდან მსვლელობას დაიწყებენ და მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს გადაკეტავენ.


close დახურვა