logo
ENG



ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა

25 ოქტ 201920:20
3 წუთის საკითხავი
 
45ijdxyrebwuhd9.png

დღეს უკვე მეექვსედ ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. საოკუპაციო რეჟიმი ქართულ მხარეს ჩორჩანაში განთავსებული საგუშაგოს გაუქმებას თხოვს. თავად ოკუპანტებს კი პასუხისმგებლობის აღება არ სურთ იმ გააქტიურებულ აგრესიასა და მცოცავ ოკუპაციაზე, რომელსაც ბოლო დღეებია ვაკვირდებით. ატოცში ახალი ე.წ. საზღვრის გავლების, უკანონო საგუშაგოების ჩადგმისა და ახალი გზის გაყვანის შემდეგ, საოკუპაციო ძალა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს იტაცებს.

ერგნეთის შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კომენტარის გარეშე დატოვა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ მომხდარი გატაცება ჩორჩანაში განვითარებული მოვლენების საპასუხო პროვოკაციად შეაფასეს.

"პოზიციები კვლავ რჩება უცვლელი, კვლავ გაჟღერდა მოთხოვნა, რომ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო იქნას მოხსნილი, რაზედაც კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, რომ საგუშაგო მდებარეობს, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე," - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებას დღეს ჩორჩანაში განლაგებული საპოლიციო საგუშაგოს აღება მოსთხოვეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელის განცხადებით, ამ მოთხოვნაზე რეჟიმმა უარი მიიღო.

ირაკლი ანთაძე ამ ფაქტს უკავშირებს ახალგორის გადასასვლელების ჩაკეტვის ფაქტსაც, რომელიც რამდენიმე კვირაა ადგილობრივებისთვის დაკეტილია.

ევროკავშირის დამკვირვებელი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინ დააკავეს. წნელისის მიმართულებით მოძრავი მისიის ეს ავტომობილები „ფორმულამ" სწორედ დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე გადაიღო. ის უკვე გათავისუფლებულია. ბოლო ორი თვეა რეგიონში დამკვირვებლები აქტიურად მოძრაობენ. მას შემდეგ, რაც ჩორჩანას ტყეში საქართველოს ხელისუფლებამ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების სურვილის საწინააღმდეგოდ, საპოლიციო საგუშაგო დადგა.

"უპრეცენდენტო და ზღვარგადასულია ეს ქმედება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა საერთაშორისო ფორუმზე და მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს არაერთი დავის ფარგლებში მუდმივად აღვწერდით და ვასახელებდით ჩვენი მოქალაქეების გატაცების, მათდამი ცუდი მოპყრობის და რამდენიმე შემთხვევაში ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტებს ვასაჩივრებდით, ახლა უკვე ამას დაემატა საერთაშორისო დამკვირვებლის გატაცება, რომელიც არის სავალალო ფაქტი," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

საკითხს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არჩილ თალაკვაძეც ეხმაურება. ის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დამკვირვებლის დროებით დაკავებას პროვოკაციად აფასებს, რომელსაც  საქართველოს ხელისუფლება არ უნდა წამოეგოს.

"ჩვენი პასუხი არ იქნება პროვოკაციაზე წამოგება და არ იქნება რაიმე ტიპის რისკების დაშვება ჩვენი უსაფრთხოების და ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

მმართველი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული ქმედებების საპასუხოდ ყველა აუცილებელ საერთაშორისო ფორმატს იყენებენ. თუმცა მთავრობას პოლიტიკური ოპონენტები უპრინციპობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენები ქართული ოცნების გუნდის არასწორი პოლიტიკის შედეგია.

პოლიტიკური ოპონენტების ნაწილი ხელისუფლებას ურჩევს საოკუპაციო რეჟიმთან ამ დროისთვის არსებული მოლაპარაკებების ფორმატებს გადახედოს. ერგნეთში მხარეები დღეს მე-6 ტექნიკურ შეხვედრაზე შეიკრიბნენ. წინა შეხვედრა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სწორედ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენების გამო ჩაშალეს.


close დახურვა