logo
ENG



ერდოღანი: თურქეთი მზადაა, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტში დიპლომატიური ძალისხმევა გააძლიეროს

09 ოქტ 202313:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/09/vkluhjf97cf1d5w.jpg

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი მზადაა, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტში დიპლომატიური ძალისხმევა გააძლიეროს.

"თურქეთი მზადაა, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტში სიმშვიდის მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევა გააძლიეროს. გრძელვადიანი რეგიონული მშვიდობა მხოლოდ პალესტინა-ისრაელის საკითხის საბოლოო გადაწყვეტით იქნება შესაძლებელი", - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულთა რიცხვი ამ დროისთვის 2 200-ს აღემატება.


close დახურვა