ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრის, ირაკლი ნადირაძისა და ირაკლი ეძგვერაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
კოალიციის განცხადებით, მათი დაკავება ირაკლი კობახიძის მიერ წინასწარ დაანონსებული ძალადობის შედეგი და ძალაუფლების შენარჩუნების განწირული მცდელობაა.
"დღეს, ირაკლი კობახიძის მიერ, ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებული ძალადობის შემდეგ, დაკავებულია ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი, ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე. ასევე, პოლიციამ იძალადა ჩვენს რამდენიმე მხარდამჭერზე.
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ქართული ოცნება“ ძალადობს საზოგადოებაზე, ხლეჩს მას, უპირისპირდება ადამიანებს და ამით იზოლაციასა და ჩიხში შეჰყავს მთელი ქვეყანა.
ესაა ქართული ოცნების განწირული მცდელობა, ძალადობით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ქვეყანა დატოვოს იზოლაციასა და სიღატაკეში.
26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და დაასრულებს ამ უკანონობასა და ძალადობას!", - ნათქვამია განცხადებაში.
***
პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პოლიცია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებას ასრულებდა, რასაც ეძგვერაძე ხელს უშლიდა.
ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებთან ეძგვერაძეს არანაირი შეხება არ ჰქონია.
გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ გლდანში, ეძგვერაძის სახლთან დაპირისპირება იყო.
ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად.
მანამდე ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დაწერა, რომ "გლდანში, ივანიშვილის მილიციამ ირაკლი ეძგვერაძე მძევლად აიყვანა".