logo
ENG



ეს არის 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება - მათიკაშვილი რურუას საქმეზე

30 ივლ 202015:25
3 წუთის საკითხავი
clock 642
gkg189p5pmpe4e7.jpg

 

"ეს არის 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება, რადგანაც ხელისუფლება და ხელისუფლების სხვა შტოები აღარ ერევიან სასამართლოს საქმეებში", - ასე აფასებს უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი გიორგი რურუას საქმეზე სასამართლოს გადაწვყეტილებას. 

დღეს ბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 

"საქართველოში მართლმსაჯულებას ახორციელებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, რომელმაც ცალსახად დამნაშავედ ცნო გიორგი რურუა მისადმი წაყენებულ ბრალდებაში. ამ განაჩენმა წერტილი დაუსვა ოპოზიციის სპეკულაციებს, რომლებიც ცდილობდნენ უდანაშაულოდ გამოეცხადებინათ ნაციონალურ მოძრაობად წოდებული კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი კრიმინალი ლიდერი", - განაცხადა მათიკაშვილმა. 

გიორგი რურუას გათავისუფლება ე.წ 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო. ქართული ოცნება საერთაშორისო პარტნიორებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოწოდების მიუხედავად, დღემდე უარყოფს შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას, რომელიც გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლებას ითვალისწინებდა. 

მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 15 მარტს ოქრუაშვილი და უგულავა შეიწყალა. 

რურუას გათავისუფლებისკენ ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდეს ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და მაღალჩინოსნებმა.

რამდენიმე დღის წინ, 27 ივლისს, აშშ-ს სახელწმიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გადადგას შემდგომი ნაბიჯები მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და გააფრთხილა ხელისუფლება სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესების პოლიტიზებაზე.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა "სირცხვილიას" ფინანსურად ეხმარებოდა, გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის ბრალდებას დაემატა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისთვის ხელის შეშლა. რურუა ბრალს არ აღიარებს.

იორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.


close დახურვა