პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლას პოლიტიკის ექსპერტებიც აფასებენ.
მათთვის უცნაურია, რომ ხელისუფლებას გრძელვადიანი ანტიკრიზისული გეგმა ისევ არ აქვს. გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯებით თავს იწონებს.
„ხელისუფლება თავს იწონებს თავისი პოზიტივით და ასეთი პოზიტივი ნამდვილად ჰქონდა. ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ ეს პერიოდი ხელისუფლებამ საკმაოდ ნორმალურად გაიარა, თუმცა ბოლოს თავზე დაიმხო ყველაფერი სამწუხაროდ, ამ პოლიტპატიმრების თემასთან დაკავშირებით. მე გამიკვირდა, რომ გრძელვადიან ეკონომიკურ გეგმაზე ხელისუფლებას არანაირი ხედვა არ აქვს შეიძლება ითქვას. გაბრაზდა კიდევაც მგონი გახარია, რომ რატომ მეკითხებით, როგორ შეიძლება გეგმა მქონდესო“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ექსპერტი გიორგი რუხაძე კი მიიჩნევს, რომ მთავრობა პოლიტიკურ ქულებს ექიმების ხარჯზე იწერს.
„სხვა ვერაფერ ვუწოდებ ამ ყველაფერს, თუ არა ექიმების ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას. ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი კითხვებზე, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს საზოგადოებას. მე ვერ მივხვდი, აქამდე რატომ არ აქვს ხელისუფლებას ანტიკრიზისული გეგმა და კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა იყო მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ერთგვარი ძალიან გრძელი გამოსვლა ბევრი კითხვებით და პასუხებით, მაგრამ მგონია, რომ იყო არაფრის მთქმელი“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.