საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსის დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, კლინიკაში საგარეჯოში დაჭრილი მოქალაქეებიდან, ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და აქვს გამჭოლი ჭრილობები მუცლის ღრუსა და მარჯვენა ბარძაყის მიდამოებში.
როგორც ექიმმა აღნიშნა, კლინიკაში მყოფი სხვა დაჭრილი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
"ამჟამად კლინიკაში რჩება 4 ავადმყოფი. 3ის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. ის ამ ეტაპისთვის განაგრძობს ოპერაციის შემდგომ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას. მძიმე პაციენტს აქვს გამჭოლი ჭრილობები მუცლის ღრუსა და მარჯვენა ბარძაყის მიდამოში, დაზიანებულია არტერია და ვენა, რომლის აღდგენაც გაკეთდა და ამ ეტაპზე მკურნალობას განაგრძობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში"- თქვა ექიმმა.
რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, ექიმის განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
* * *
საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, ასევე დაჭრილია 5 ადამიანი.
თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
თავდასხმის დაწყებისას, სახლში იმყოფებოდა ათუაშვილის შვილიც, რომელმაც ცეცხლის გახსნის შემდეგ სახლი დატოვა.
ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი 2006 წლიდან მუშაობდა უწყებაში, ხოლო 2021 წელს სამსახური დატოვა.
თავდასხმის დეტალები - სრულად