logo
ENG



ვაგნერის მტკიცებით, კონტროლი დაამყარეს ვორონეჟის სამხედრო ობიექტებზეც

24 ივნ 202311:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/24/1cufdrp9jeojf0q.jpg
Stringer/Reuters

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი ამტკიცებს, რომ კონტროლის აიღეს ვორონეჟის სამხედრო ობიექტებზეც - ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

"ვორონეჟში სამხედრო ობიექტები ვაგნერის კონტროლის ქვეშაა - ჯარი გადადის ხალხის მხარეს", - ნათქვამია ვაგნერის განცხადებაში.

მანამდე ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ როსტოვში სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის აეროდრომზე კონტროლი აიღეს. მისივე თქმით, მისმა სამხედროებმა 3 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რუსეთში არსებულ სიტუაციას ეხმაურება და ევგენი პრიგოჟინის ქმედებებს "შეიარაღებულ აჯანყებას" უწოდებს - რუსული უწყება "ვაგნერელებს" მოუწოდებს, მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადონ და მათ უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს.

ამასთან, როგორც კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი იტყობინება, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უახლოეს ხანებში მიმართვა ექნება. 

23 ივნისს საღამოს კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. ბიზნესმენის თქმით, ვაგნერის რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებაა მიიღეს.

მან განაცხადა, რომ "ბოროტება შეჩერდება" და ყველა მსურველს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისივე მტკიცებით, მის განკარგულების ქვეშ 25 ათასი მებრძოლია და ეს არა სამხედრო გადატრიალება, "არამედ სამართლიანობის მარშია". 

ბევრმა მისი განცხადება, სწორედ სამხედრო გადატრიალების მცდელობად აღიქვა, ხოლო რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ შეიარაღებული აჯანყების მოწოდების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდება. ბახმუტისთვის გამართული ბრძოლების ფონზე, პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს.

პრიგოჟინმა ისინი საბრძოლო მასალის ნაკლებობასა და "რუსული მიწის" დათმობაში ადანაშაულებდა.


close დახურვა