logo
ENG



ვადამდელი არჩევნები შემოდგომაზე და ტექნიკური პარლამენტის შეკრება - სამადაშვილის განმარტება

20 ნოე 202014:56
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/20/ypoju7z19xhxqup.jpg

სალომე სამადაშვილი თავისივე განცხადებას Facebook-ზე განმარტავს და ამბობს, რომ შესაძლო კომპრომისი ოპოზიციის მხრიდან შემოდგომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და მანამდე არჩევნებისთვის მოსამზადებლად ტექნიკური პარლამენტის შეკრება უნდა იყოს. 

"განვმარტავ: შემოდგომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ადგილობრივთან ერთად, მანამდე ტექნიკური პარლამენტის შეკრება, ქვეყნის არჩევნებისთვის მოსამზადებლად, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ა.შ. რომელიც პირველ გადაწყვეტილებად სწორედ ახალ არჩევნებს დანიშნავს, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ეს არის ის კომპრომისი, რაც მე პირადად მიმაჩნია შესაძლო დათმობად, რაც ქვეყანას გადაარჩენს კატასტროფას", - წერს სამადაშვილი. 

გაურკვევლობა სალომე სამადაშვილის წინა პოსტმა გამოიწვია, რომელშიც ის წერდა, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი მოლაპარაკებების პროცესში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის უკეთესი საარჩევნო გარემოს მიღება უნდა ყოფილიყო. 

"ქართული ოცნება დაზიანდება ერთპარტიული პარლამენტით - მაგრამ დიდი ალბათობით, არც თუ ისე, რომ ხელისუფლების შენარჩუნება 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ვერ მოახერხოს. მაშინ რა? ბოიკოტი არჩევნებს? თუ არა? თუ ოპოზიციას მოუწევს ადგილობრივ არჩევნებზე ბრძოლა, ამ არჩევნების მოგება და ამის საფუძველზე, ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების მოთხოვნა?

ვვარაუდობ, რომ ეს სცენარი უფრო რეალისტურია. ამ შემთხვევაში, მომავალი არჩევნებისთვის სხვანაირი საარჩევნო გარემოს მიღებაა ოპოზიციის ამოცანა და შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მიიღებს, ამ ამოცანის ჭრილში უნდა განიხილოს", - წერდა სამადაშვილი Facebook-ზე

დღეს, 20 ნოემბერს ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ფასილიტატორებს ინდივიდუალურად ხვდებიან. ოპოზიცია ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი არც 21 ნოემბრის მეორე ტურებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. 

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათი მტკიცე მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა. 

ქართული ოცნების ლიდერები კი ამბობენ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან, თუმცა თბილისის მერმა და ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა კახი კალაძემ გუშინ, 19 ნოემბერს ოპოზიციას საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა. 

"მინდა მივმართო ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს – ჩვენ უნდა მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა, შევიდეთ პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნიდან ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს, რადგან ამ ქვეყნის მომავალი ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ", - განაცხადა კალაძემ. 

 


close დახურვა