ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, ვატო შაქარიშვილმა, რომელიც გუშინ გირჩი - მეტი თავისუფლების ბანაკზე თავდასხმაში მონაწილეობდა, ფრანკლინის კლუბის ღონისძიებაზე მისვლა და მისი გაპროტესტება დააანონსა.
ფრანკლინის კლუბი არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების თავდასხმის სამიზნე - რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების შემდეგ, მმართველი პარტია აქტიურად ესხმის თავს სტუდენტებსა და ახალგაზრდების. ფრანკლინის კლუბზე საუბრისას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კლუბის წევრებს "ანარქისტები" უწოდა და თქვა, რომ მათ აქციაზე "დავალება ჰქონდათ მიცემული, შესულიყვნენ პირდაპირ დაპირისპირებაში სპეცდანიშნულების რაზმებთან".
ფრანკლინის კლუბს პრემიერმინისტრი პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროსაც დაესხა თავს და მას კვლავ "ანარქისტული მოძრაობა" უწოდა.
ღარიბაშვილის გარდა, კლუბთან დაკავშირებით ისაუბრა პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემაც. ირაკლი კობახიძე ირწმუნებოდა, რომ კლუბი "უცხოური გავლენის აგენტია" და ის სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების "რეკრუტირებას" ახორციელებს. ფრანკლინის კლუბი ხელისუფლების განცხადებებს გამოეხმაურა და მათ ბრალდებებს ცილისწამებას უწოდა.
***
გუშინ გორის სმარტთან გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ - ამასთან, ბორჯომის სასტუმროში, სადაც პარტიის ბანაკი მიმდინარეობდა, ძალადობრივი ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ, ისინი ადგილზე მყოფებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და მათ მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილნი, მობილიზებულმა ჯგუფის წევრებმა სასტუმროს ქვებიც დაუშინეს.
ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა ვატო შაქარიშვილმა ინციდენტის შესახებ პოსტი თავდასხმიდან მალევე დაწერა და მომხდარს პირველი, დეტალურად გამოეხმაურა. შაქარაშვილი ხელისუფლების სატელიტი ერთ-ერთი ძალადობრივი ჯგუფის ლიდერია. მისმა სწრაფმა გამოხმაურებამ და თავდასხმის ადგილზე გამოჩენამ, "გირჩელები" დაარწმუნა, რომ ადევნება თბილისიდანვე იყო დაორგანიზებული.