logo
ENG



ვაქცინის შემოტანის გადადების მიზეზად გაბუნია Pfizer-ის დამატებით მოთხოვნებს ასახელებს

01 მარ 202114:46
3 წუთის საკითხავი
 
ვაქცინის შემოტანის გადადების მიზეზად გაბუნია Pfizer-ის დამატებით მოთხოვნებს ასახელებს

ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ვაქცინის შემოტანის გადადება არ უკავშირდება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას და მიზეზად ფაიზერის მიერ დამატებითი მოთხოვნების წარმოდგენას ასახელებენ.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ქვეყნის კოვაქს პლატფორმასთან ურთიერთობის ისტორია გაიხსენა.

მან თქვა, რომ საქართველო კოვაქსის პლატფორმას შექმნისთანავე, გასული წლის სექტემბერში შეუერთდა, 8 ოქტომბერს კი გადაიხადა 5 300 000 დოლარი გადაიხადა, იმისთვის რომ გარანტირებული მოწოდება ჰქონდა ვაქცინის, მოსახლეობის 20%-სთვის წლის ბოლომდე.

"ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობა დაიწყო 2020 წლის ნოემბერში. 18 იანვარს ქვეყანამ გააკეთა განაცხადი კოვაქსის პლატფორმაზე მზაობის დასადასტურებლად, რომ ის მზად არის მიიღოს ნებისმიერ ცივი ჯაჭვის მოთხოვნების მქონე ვაქცინა, მათ შორის ფაიზერი, ასტრაზენეკა და მოდერნა. მოდერნა ამ დროისთვის კოვაქსის პლატფდორმაზე არ განიხილება, ამიტომ 2 ვაქცინაზე ვმუშაობთ. შემდეგ 28 იანვარს, ქვეყანამ მიიღო მზაობის შეფასების საფუძველზე დამადასტურებელი წერილი, რომ გადაეცემა ფაიზერის 29 ათასი დოზა, ხოლო ასტრაცენეკას 180 - 300 ათასამდე დოზა ეტაპობრივად", - აღნიშნა გაბუნიამ. 

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ფაიზერის შემოტანის ლოდინის დროს, კოვაქს პლატფორმამ ქვეყანას ფაიზერის დამატებითი მოთხოვნების შესახებ აცნობა. მისივე თქმით, კოვაქსი გვპირდება, რომ "მომდევნო კვირაში დაინიშნება სატელეფონო კონსულტაცია", სადაც ეს პირობები დაზუსტდება:

"ასტრაზენეკას შემთხვევაში ქვეყანამ გაიარა პასუხისმგებლობების დაზღვევის ხელშეკრულების ეტაპი. ეს არის კიდევ ერთი ეტაპი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და ამით ერთი ეტაპი დასრულდა. ზუსტად იგივე ეტაპი გასავლელია ფაიზერთან მიმართებაში. როცა ველოდებით ფაიზერის შემოტანას, კოვაქსმა შეგვატყობინა, რომ არის გარკვეული დამატებითი მოთხოვნები ფაიზერის მიერ, რომელიც არ უკავშირდება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას ვაქცინის მიღებისთვის და დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან, რომლის დეტალებს 23 თებერვლის წერილში კოვაქსი ვერ გვატყობინებს, თუმცა გვპირდება, რომ მომდევნო კვირაში დაინიშნება სატელეფონო კონსულტაცია, სადაც დაზუსტდება ეს პირობები. საბოლოოდ შევთანხმდებით პირობებზე, მერე გადავალთ ფინანსურ ნაწილზე", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

კოვაქს პლატფორმის განმარტებით, თებერვალში კორონავირუსის ვაქცინა იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. 

"თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ", - უთხრეს მათ ინტერპრესნიუსს.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, კოვაქსის ინფორმაციით, "ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა კოვაქსის პლატფორმიდან დოზების მიღება შეძლოს".


close დახურვა