logo
ENG



ვაშაძე: 1 კვირის ვადაში ენმ-სთან ერთად პრეზიდენტს წარვუდგენთ 9 პუნქტის შესრულების ხედვას

26 თებ 202417:28
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძე: 1 კვირის ვადაში ენმ-სთან ერთად პრეზიდენტს წარვუდგენთ 9 პუნქტის შესრულების ხედვას

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად 1 კვირის ვადაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წარუდგენენ გეგმავს, თუ როგორ ხედავენ ევროკავშირის 9 პუნქტის შესრულებას. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში, შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ძირითადად ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულებას ეხებოდა. 

"ჩვენ 1 კვირის ვადაში ჩვენ ვერსიას ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, სტრატეგია აღმაშენებელი წარვუდგენთ პრეზიდენტს, თუ როგორ ვხედავთ 9 პუნქტის შესრულებას. ძალიან ფართო ჯგუფი გვყავს ამასთან დაკავშირებით, ვინც მუშაობს თითოეული რეკომენდაციის შესრულებაზე, იმიტომ რომ ძალიან კარგად გვაქვს გასიგრძეგანებული, ქართული ოცნების, ივანიშვილის პარტიის დამარცხების შემდგომ და ხალხის გამარჯვების შემდგომ პირველი რაც იქნება, ამ ყველაფრის შესრულება იქნება საჭირო, რომ 15 დეკემბრისთვის საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. მე ამის მჯერა და დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება.

შესაბამისად, პრეზიდენტის ინიციატივა ხელს უწყობს, რომ ფართო სპექტრი - სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები თუ ა.შ. იყოს შეთანხმებული, თუ რას ვაკეთებთ პირველივე დღიდან ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რომელსაც მოაქვს დასაქმება, ეკონომიკური წინსვლა და განვითარება ქვეყნისთვის და ჩვენ ამაში მივიღებთ ყველანაირად მონაწილეობას ჩვენი პროფესიული, სისტემური მიდგომით ვიმუშავებთ ამ პროცესში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გარდა ამისა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტთან შეხცედრაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზეც ისაუბრეს.

"ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ამ საკითხებზე, ღიად ვიტყვი, უფრო კმაყოფილი ვიქნებოდი, რომ კონკრეტული პასუხით გამოვსულიყავი ახლა, თუმცა საკმაოდ საინტერესო საუბარი იყო ამ თემასთან დაკავშირებით. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. მე საერთოდ არ ველოდი ამ შეხვედრაზე კი თუ არა-ზე საუბარს და არც იყო ეს მიზანი. მე შემიძლია ჩემს განწყობაზე გესაუბროთ. მე საჯაროდ ვიტყვი, რომ იმედს ვიტოვებ, რომ ქვეყნის ერთიანობისთვის და იმ დიდი გაერთიანებისთვის, რომელიც არის ევროკავშირი, ყველა ვიპოვით ძალას ჩვენში, რომ ერთმანეთისკენ ნაბიჯს გადავდგამთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


close დახურვა