logo
ENG



ვაშაძე: ამნისტია​ კონვენციურ დანაშაულებზე არ გავრცელდება, ჯალათებს არ შეეხება

25 აპრ 202117:12
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ ამნისტია არ შეეხება ჯალათებს. 

"ამნისტია​ კონვენციურ დანაშაულებზე არ გავრცელდება, ჯალათებს არ შეეხება.

კონვენციით დაცული მუხლებზე არ გავრცელდება. თუ საჭიროა, ამის შესახებ ჩანაწერიც იქნება.

უამრავი დეტალია ამ კანონში. ყველა ვეცდებით, რომ სამშაბათამდე ყველა დეტალი დაზუსტდეს. 

რაც მთავარია, ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს ერთობლივი და იმედი გვაქვს, რომ არ იქნება აზრთა სხვადასხვაობა". - თქვა მან. 

გიორგი ვაშაძის თქმით, ამნისტია გავრცელდება სისხლის სამართლის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და რასაც 20-21 ივნისის ღამის დარბევაში მონაწილე 3 პოლიციელს ედავებიან. 

ასევე, ამნისტია გავრცელდება კიდევ 3 მუხლზე, რითაც სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს პროტესტში მონაწილე 16 ადამიანის მიმართ. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 21 აპრილის განცხადებით მიმართა მხარეებს, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება.   

საია-ს განმარტებით, ამნისტიის გამოყენება იმ პირებთან მიმართებით, რომლებმაც არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები ჩაიდინეს (იმის მიუხედავად, ეროვნულ დონეზე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს თუ არა), კონვენციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება, რადგან მსგავსი ქმედება აბრკოლებს ამგვარ დანაშაულებზე წარმოებულ გამოძიებას და, ამავდროულად, იწვევს პასუხისმგებელ პირთა დაუსჯელობას.

პარლამენტში 27 აპრილს დაიწყება ცვლილებების განხილვა, რომლითაც 19 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში არსებული ჩანაწერი ამნისტიის კანონში უნდა აისახოს. 

შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის აზრით, პოლიციელების შემთხვევაში კანონს დაზარალებული მხარის თანხმობა უნდა დაემატოს. 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტი კანონპროექტის განხილვას დაიწყებს, გიორგი რურუას შეიწყალებს. 

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც. 

მელიასთვის მისაღებია გათავისუფლება ევროკავშირის თავდებობით, თავად გირაოს გადახდაზე უარს ამბობს. მისთვის ასევე მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20-21 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. 

22 აპრილს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამნისტია შეეხება მას, ვიზეც 20-21 ივნისის საქმეზე "აღძრულია საქმე და მასაც, ვიზეც შეიძლება, მომავალში აღიძრას". 

ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები. 

მათთვის ამნისტიის კანონი კატეგორიულად მიუღებელია. 27 აპრილს 20 ივნისს დაზარალებულებმა საპროტესტო აქციაც დააანონსეს - ის კანონის პარლამენტში ინიცირების პარალელურად გაიმართება.


close დახურვა