„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და პარტიის სხვა წარმომადგენლები ქუთაისში ერთ-ერთ კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდნენ. ქუთაისის მერიამ საცხოვრებელ კორპუსში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, შეკეთდა სადარბაზოები და გამოიცვალა საკანალიზაციო მილები, თუმცა პრობლემები სწორედ აქედან დაიწყო. ახალი მილები უხარისხო გამოდგა, რის გამოც მოხმარებული წყალი სარდაფებში ჩაედინება, გროვდება და საფრთხეს უქმნის კორპუსის საძირკველს.
ამასთან ერთად, არის ანტისანიტარია და სხვადასხვა დაავადების გავრცელების საფრთხე. ადგილობრივებმა არაერთხელ მიმართეს როგორც მერიას, ასევე სხვა შესაბამის სამსახურებს, თუმცა პასუხად მხოლოდ ფუჭი დაპირებები მიიღეს.
„როგორც კი ჭაში წყლის დონე მოიმატებს, მთელი ეს წყალი ბრუნდება უკან სარდაფში, ივსება სარდაფები მუხლამდე კანალიზაციის წყალით. მოვლენ დაპირებები ახალ-ახალი. ვითომ შეაკეთეს ელემენტარული“, - აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, საქართველოში გაცვეთილი ინფრასტრუქტურაა, რომლის გაკეთებაზეც სახელმწიფო არ ზრუნავს.
„ანაკლიიდან წითელ ხიდამდე შეუძლია ადამიანს ჩამოიაროს საქართველოს დიდი, საშუალო და მცირე ზომის ქალაქები და დაბები, ყველგან ერთი და იგივეა. გაცვეთილი ინფრასტრუქტურა, რომელსაც კაციშვილი ხელს არ ადებს. თუ სახელმწიფო ტენდერი ტარდება, ამ ტენდერის ფული იმ წუთასვე მიდის ქართული ოცნების დეპუტატის, ოლიგარქის რომელიმე ნათესავის ან ამ გარემოცვის ჯიბეში“, - განაცხადა ვაშაძემ.