სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თუ მარტის ბოლომდე ხელისუფლებასთან შეთანხმება არ შედგება, პარტია "ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობას" დაიწყებს.
ვაშაძის თქმით, მმართველი გუნდი მოლაპარაკებებს "წელავს" და ცდილობს, პროცესი შეთანხმებამდე არ მივიდეს.
"ახლა დამოკიდებულია ყველაფერი ქართულ ოცნებაზე, რომელიც წელავს მოლაპარაკებებს და ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რომ ხვალ და ზეგ გვითხრას, რომ რაღაც რეფორმები ვერ ესწრება, რაღაც ახალ სიტუაციას ელოდება, რაღაც უნდა კიდევ მოიმოქმედოს, რომ როგორმე, შეთანხმებამდე არ მივიდეს ეს პროცესი. მე მათ ვაფრთხილებ, რომ თუ ისინი ჩაშლიან მოლაპარაკებებს, ჩვენ ვიქნებით ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობის ავანგარდში, რომელსაც დავიწყებთ მთელი საქართველოს მასშტაბით.
იცით, რომ 20 მარტამდე შეჩერებული ყველა პროტესტი, იმისათვის, რომ არ მივცეთ ქართულ ოცნებას შესაძლებლობა, ხელზე რაღაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ხელი შეუშალოს მოლაპარაკებებს, მაგრამ თუ მოლაპარაკებები არ შედგა, რაც მაქსიმუმ მარტის ბოლომდე უნდა შედგეს, ჩვენ ხშირად გვქონდა უფრო კომპრომისული პოზიციები, მაგრამ ვიქნებით ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობის ავანგარდში", - განაცხადა ვაშაძემ.
მანვე ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე ისაუბრა და თქვა, რომ ძირითადი გზავნილები პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნების საჭიროებას ეხებოდა.
"ჩვენ გუშინ ვიხილეთ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებული დებატები და ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი. პირველი - ეს არის ის, რომ ცალსახად, ყველა ერთხმად მხარს უჭერს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და მეორე - ძირითადად, გამოიკვეთა, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგებიც სწორედ რიგგარეშე არჩევნებს მიიჩნევენ კრიზისიდან გამოსვლის მთავარ გზად", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. მათი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნებია. ვადამდელ არჩევნებზე კატეგორიულ უარს ამბობს მმართველი გუნდი. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა.
პოლიტიკური კრიზისი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა. მელიას დაკავების საკითხზე გუნდში არსებული უთანხმოების გამო პრემიერმინისტრის პოსტი გიორგი გახარიამ დატოვა, ქართულმა ოცნებამ კი ამ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი დააბრუნა. ღარიბაშვილის დანიშვნიდან რამდენიმე საათში სპეცრაზმი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეიჭრა და მელია დააკავა.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით 1 მარტს კიდევ ერთი შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე მიშელმა განსახილველად ჩარჩო საკითხები მიიტანა.
9 მარტს, ცნობილი გახდა, რომ შარლ მიშელი საქართველოში წარმომადგენელს აგზავნის, რომელიც დიალოგში ჩაერთვება.