logo
ENG



ვაშაძე: მე-3 რაუნდზე ღია შეთავაზებები უნდა მოვისმინოთ ოცნებიდან, ალტერნატიულ გამოსავლებზე

25 ნოე 202019:41
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძე: მე-3 რაუნდზე ღია შეთავაზებები უნდა მოვისმინოთ ოცნებიდან, ალტერნატიულ გამოსავლებზე

ამერიკის და ევროკავშირის ელჩთან შეხვედრიდან გამოსული გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე ქართულმა ოცნებამ ღია შეთავაზებები უნდა გააკეთოს, მათ შორის, ალტერნატიული გამოსავლების ძიების კუთხით. 

"განვიხილეთ რიგი საკითხები, რომელზეც ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვმა, რომ ჩვენ ოპოზიციაში ერთიანად უნდა ჩამოვყალიბდეთ საერთო პოზიციებზე, თუმცა ღია შეთავაზებები უნდა მოვისმინოთ ქართული ოცნების მხრიდან მესამე რაუნდზე, თუ რა ალტერნატიულ გამოსავლებს ხედავენ, თუ არის ასეთი, მე არ ვიცი, ამ კრიზისიდან გამოსავლის კუთხით", - ამბობს ვაშაძე. 

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების უცვლელი მოთხოვნა ხელახალი არჩევნები და საარჩევნო სისტემის რეფორმა იქნება. 

"ჩვენი ახლანდელი პოზიცია არ იცვლება არის რიგგარეშე არჩევნები, არის საარჩევნო რეფორმა. შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო რეფორმაზე, პრინციპში, არის პოზიციების თანხვედრა, მათ შორის, ჩვენს დიპლომატებთან", - ამბობს ვაშაძე. 

დღეს, 25 ნოემბერს ოპოზიციური პარტიები აშშ-ის ელჩს ინდივიდუალურად ხვდებიან. კელი დეგნანს უკვე ესაუბრნენ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ასევე ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე.  

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება შეხვედრების მესამე რაუნდი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. 

განხილვის საგანი საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიციის ბოიკოტი და მისი ხელახლა ჩატარების მოთხოვნაა. 

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. მათ ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც 17 მაჟორიტარულ ოლქში შედგა და მხარდამჭერებსაც სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. 

როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვებით, არჩევნების გაყალბების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. 

ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

ამ მოთხოვნებით გაიმართა საპროტესტო აქციები. მათგან ერთი, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩო ოპოზიციას მოუწოდებენ, პარლამენტში შევიდნენ, ვინაიდან მათთვის ერთპარტიული პარლამენტია მიუღებელი. თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთ მოთხოვნებსა და გადაწყვეტილებაზე უარის თქმას არ აპირებენ და კვლავ ითხოვენ სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებს. 


close დახურვა